პოლიტიკა
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტებაა - მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს, სარეზერვო ფონდის გაუქმებასა და დაფინანსების შემცირების საკითხს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტებას უწოდებს.

ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, ვისაც არანაირი შეხება პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა.

სარეზერვო ფონდიდან მარტო ამ წლების განმავლობაში, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში, 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას, მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსება.

ამ ყველაფერს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან.

ახლა შემდგომი პრეზიდენტი სრულიად გაურკვეველია, როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან.

ახლაც დევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონის პროექტი პარლამენტიდან შემოსული, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია, სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან აუცილებლად ამის შესახებ უნდა ჰკითხოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს.

ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტის“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამასთან, როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას პრეზიდენტის დელეგირებით თვითონ ამტკიცებს, შემდეგ პროექტს წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ასახავს.

საშტატო ნუსხას პრეზიდენტისგან დელეგირებით მე ვამტკიცებ. შემდეგ აღნიშნული პროექტის წარდგენა ფინანსთა სამინისტროში ხდება და ფინანსთა სამინისტრო ამ რაოდენობას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახავს. ასე იყო წელსაც და წინა წლებშიც. წელსაც ზუსტად ის რაოდენობა იყო ასახული, რომელიც იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად.

მოულოდნელად, არჩევნების მეორე ტურის შემდგომ ეს პროექტი შეიცვალა ისე, რომ არავის ამის ანალიზი არ გაუკეთებია. რა მიმართულებით შეიძლება ყოფილიყო, რეალური საჭიროებები რა უნდა ყოფილიყო, ან არ უნდა ყოფილიყო. სწორედ ეს არის კვალიფიციური შეფასებების პრობლემა, რომელ გუშინ საღამოდან დღემდე ჩუმად შეტანილი ბიუჯეტის გარშემო ვიხილეთ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.