აქტუალური
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა "პატრიოტთა ალიანსიდან" მოსკოვში მონაწილეობა მიიღეს დსთ-ის შექმნის 27–ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც "Sputnik Georgia" იუწყება, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური პარტიიდან საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის 27–ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების ფრაქციების ურთიერთქმედების როლი დსთის ქვეყნების პარლამენტთაშორის თანამშრომლობაში“. ღონისძიებაზე შეიკრიბა 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების 27 დელეგაცია. საქართველოს კონფერენციაზე წარმოადგენდნენ დეპუტატები „პატრიოტების“ ფრაქციიდან ადა მარშანია და გიორგი ლომია.

სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების მონაწილეებმა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ლომიას შეხვედრა დეპუტატთან, ედინაია როსიას წარმომადგენელ არტიომ კავინოვთან. სხვა დეტალები უცნობია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ვიზიტზე კომენტარი თბილისში გააკეთეს. მმართველ პარტიაში ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო ამტკიცებენ, რომ „პატრიოტების“ ვიზიტთან არანაირი კავშირი არა აქვთ.

ეს არის მათი პარტიული დღის წესრიგი. არანაირი კავშირი არა აქვს ამას ჩვენთან, და ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი მიდგომა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„პატრიოტები“ მოსკოვში საკუთარი ინიციატივით დადიან. პარლამენტში მათ ექვსი ადგილი აქვთ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრებს ქართულ–რუსულ ურთიერთობებში რაიმე დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია.

ასეთი სპონტანური შეხვედრები, არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული შედეგის მომტანი იყოს. არსებობს ორი ფორმატი - ერთი არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, საერთაშორისო, მეორე არის პირდაპირი კავშირი სპეციალური წარმომადგენლების... ჩვენ ვერ ვხედავთ საჭიროებას დამატებითი ფორმატის შექმნის... მათი წასვლა არის მათი პარტიული ინტერესი, პარტიული ხედვაა და ამ შემთხვევაში, უბრალოდ, შეგვიძლია გითხრათ, რომ არ ვეთანხმებით“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც მოსკოვში უკვე მეოთხედ წავიდნენ (2017 წლის ივლისსა და ოქტომბერში და 2018 წლის ივნისში), საქართველოს ხელისუფლებისგან მოლაპარაკებებზე ოფიციალურ სტატუსს მოითხოვენ

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.