პოლიტიკა
დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან შეთანხმების შემდეგ სამხრეთ ოსეთი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან შეთანხმებას მოაწერს ხელს

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობა გაფართოვდება. ჩვენ მოვილაპარაკეთ ლეონიდ ივანოვიჩთან ჩვენს სახელმწიფოებს შორის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამისთვის უკვე გაცემულია შესაბამისი დავალებები“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის ლეონიდ პასეჩნიკის მიერ თანამდებობის დაკავების ცერემონიაში.

როგორც „სპუტნიკი“ იუწყება, „სამხრეთ ოსეთმა 2014 წელს აღიარა დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ცხინვალსა და ამ რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედებს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობები, ხოლო ცხინვალში - დსრ-ს და ლსრ-ს წარმომადგენლობები. სამხრეთ ოსეთმა უკვე დადო სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება დსრ-სთან - გასული წლის მაისში ორი ქვეყნის ლიდერებმა ანატოლი ბიბილოვმა და ალექსანდრე ზახარჩენკომ დონეცკში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.