სამართალი
საქართველოს შსს ქვეყნის მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესთან ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან შესაძლო დათმობის საქმეზე სამსახურებრივ მოკვლევას აწარმოებს

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შსს-მ ქვეყნის მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესთან ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაშია მხილებული, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დათმობის საქმეზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 18 ნოემბერს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის ვიდეოკამერის კადრები გაავრცელა, რომლიდანაც ჩანს, რომ 2017 წლის ივლისში პოლიციის ეკიპაჟმა თბილისში გააჩერა ავტომობილი, რომელსაც ნაცვლიშვილი მართავდა. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ალკოტესტის ჩატარება შესთავაზეს, რაზეც ნაცვლიშვილმა უარი განაცხადა. საბოლოოდ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქმეში ეკიპაჟის უშუალო ხელმძღვანელობა ჩაერთო და პოლიციელებს ნაცვლიშვილის გაშვება უბრძანა.

ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი - ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს - დაისჯება. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც დაისჯება", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას სიტყვებით, კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავია მას.

მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი", - აღნიშნა მინისტრმა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციას თავად ნაცვლიშვილი გამოეხმაურა. გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ საკუთარ Facebook-გვერდზე აღიარა, რომ იმ დღეს, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, იგი მართლა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, პოლიციელმა იგი სახლამდე მიაცილა და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ლაშა ნაცვლიშვილი 1966 წლის თებერვალში დაიბადა. 1990 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. იმავე წელს ნაცვლიშვილი ქვეყნის გენერალური პროკურატურის თანამშრომელი გახდა. 1999-2001 წლებში იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა.

2001-2003 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე. მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა 2012 წელს დაიკავა, აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი დაჰყო.

გარდა ამისა, ნაცვლიშვილი საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის - 2004-2008 და 2012-2016 წლები - დეპუტატი იყო.

დღეს იგი ტელეკომპანია POS TV-ის აღმასრულებელი დირექტორია.