აქტუალური
საქართველოს ჰყავს ორი მტერი - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე! - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ჰყავს ორი მტერი, ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

ბახტაძის თქმით, სიღარიბის დაძლევაში მთავარი ბარიერი ჭარბვალიანობა გახდა.

ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში. სიღარიბის დაძლევა, სამწუხაროდ, გადის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე. სიღარიბის დაძლევაში გვაქვს პროგრესი, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი ისევ ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის ამ მასშტაბის პრობლემა. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პრობლემაზე, მას სჭირდება სისტემური მიდგომა და ის ვერ გადაიჭრება ერთჯერადი ნაბიჯით. ეს პრობლემა დაგროვილია წლების განმავლობაში და ჩვენ ის გვერგო ისტორიულად.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ სტატუს კვოს და ამ გარემოს შექმნა წინა პერიოდში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაწყების სასტარტო წერტილი გახლდათ 2007 წლის 29 ივნისის სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოიხსნა .. მაქსიმალური ზღვარი საპროცენტო და საჯარიმო განაკვეთებზე. სწორედ ეს არის პერიოდი, რომლის შემდეგაც დაიწყო ის უპასუხისმგებლო დაკრედიტების ფილოსოფია, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამას არავითარი კავშირი არ აქვს საბაზრო ეკონომიკასთან, ამას მინდა ხაზი გავუსვა“, - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სისტემაში მივიღეთ ას, ორას, სამასპროცენტიანი სესხები და სრულიად უპასუხისმგებლო წესები, როდესაც, ფაქტობრივად, ბახტაძის თქმით, ადამიანს არ ამცირებინებდნენ ძირ თანხას, მიდიოდა ძირითადად საპროცენტო ხარჯის გადახდა.

არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ნებისმიერ სესხზე ყველაზე მძიმე დარტყმა მიეღო ქონების დაკარგვით, თუ ერთი მეგობარი ორე მეგობარს უდგებოდა თავდებში, ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება ყოფილიყო და მოვედით სიტუაციამდე, რომ ამ სამართლებრივ ჩარჩოში ჩვენ გაკოტრების კანონიც კი არ გვაქვს ფიზიკური პირებისთვის.

ერთის მხრივ, ვსაუბრობთ, რომ ჯანსაღი საბაზრო საკრედიტო ურთიერთობები განვავითაროთ და მეორეს მხრივ, იყო სრული ქაოსი და, რა თქმა უნდა, ეს ქაოსი სარგებელს აძლევდა სწორედ კრედიტორს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.