სამართალი
08.08.08. ომი და დავა ჰააგის სასამართლოში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქართული მხარის სამართლებრივ ქმედებებზე ილაპარაკა

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან, რათა დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობა ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველა შესაძლო ფორმატში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ანუ ვიყენებთ ყველა ფორმატს, რომელიც შესაძლებელია ყველა რგოლთან მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობისთვის, რათა დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, 2010-2015 წლებში საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს არაერთხელ მიაწოდა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც რამდენიმე ათას გვერდს შეადგენდა და მოიცავდა არამხოლოდ წერილობით, არამედ ვიდეო, აუდიო და ფოტომასალებსაც.

ხსენებული მასალების დიდი ნაწილი შეეხებოდა ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას. სასამართლოს ყველა რგოლი მკაფიოდ ინფორმირებულია ამ პროცესიდან საქართველოს საზოგადოების მოლოდინებზე და ეს მოლოდინი არის ერთადერთირუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენების გარეშე ვერ ჩაითვლება ეფექტურად და ობიექტურად, რადგან ომში მსხვერპლი იყო საქართველოს მოსახლეობა. ასევე, ვახდენთ პარტნიორი სახელმწიფოების მუდმივ ინფორმირებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, 2017 წელის დეკემბრიდან თბილისში გაიხსნა ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობა, რაც სასამართლოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

​რაც შეეხება ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლის საკითხს, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, მიმდინარე კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფება. მისივე განცხადებით, როდესაც დავით ზალკალიანი სამუშაო მივლინებას დაასრულებს და საქართველოში ჩამოვა, აუცილებლად გააკეთებს ამ თემაზე განმარტებას.

ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მოითხოვა.