აქტუალური
მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია პროგნოზირება, რა მიმართულებით წავა ლარის კურსი, პატიოსნად აღიარა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ ლარის კურსის მერყეობა მოლოდინებს უკავშირდება.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბარში კიკნაველიძემ ბოლო დღეებში ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზებზეც ილაპარაკა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცვლილებები ვალუტის კურსთან დაკავშირებით მოლოდინებთან არის დაკავშირებული. მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია პროგნოზირება, რა მიმართულებით წავა ლარის კურსი. მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ჩამოდიან და ფულს დებენ ქართულ ეკონომიკაში, მათ შორის ლარის ფასიან ქაღალდებში. ეს უკვე ვნახეთ გასულ კვირას“, – აღნიშნა კიკნაველიძემ.

კომერციულ ბანკებს იმედი აქვთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

ბანკირები აცხადებენ, რომ კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან გრძელდება.

კონსულტაციები მიმდინარეობს ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ამ საკითხზე მუშა ჯგუფი მუშაობს“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის თქმით კი, ბანკების სურვილია, რეგულაციების გამოქვეყნებიდან ამოქმედებამდე ორი კვირა ან ერთი თვე გავიდეს.

ჩვენი სურვილია, რომ ხელმოწერიდან, ანუ საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მის ძალაში შესვლამდე იყოს გარკვეული პერიოდი, ორი კვირა თუ ერთი თვე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს, დანერგონ საკუთარ სისტემებში ახალი რეგულაციები. კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს. მიდის რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობა“, – აღნიშნა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის თქმით, უფრო დიდი ალბათობაა, რეგულაციები არა 15 ნოემბრისთვის, არამედ უფრო გვიან ამოქმედდეს.

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად პირველ ნოემბერს იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ცვლილებები მოგვიანებით შევა ძალაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.