აქტუალური
თბილისმა ნორვეგიის ელჩი შეიფარა, რომელიც აზერბაიჯანმა დიპლომატისათვის შეუფერებელი ძირგამომთხრელი პოლიტიკური საქმიანობისთვის გამოაძევა

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა სკანდინავიის ქვეყნებიდან ელჩი გამოიწვია. შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში აკრედიტებული აზერბაიჯანელი დიპლომატის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო.

9 ნოემბერს ნორვეგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში საელჩოს ხურავს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში ხსნის. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც აღნიშნეს, რომ ნორვეგიის ელჩის გაძევებას ისედაც აპირებდნენ, რადგან ის მიტინგებზე დადიოდა და დიპლომატისთვის შეუფერებლად იქცეოდა.

საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიქსენ სორედემ ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება დაუდასტურა.

ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ნორვეგიული ბიზნესისთვის საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ერიქსენ სორეიდემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიის სამეფოს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, რა დროსაც ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნორვეგიისა და საქართველოს გამორჩეულ ურთიერთობებს. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახნის თაობაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო თავისი საინვესტიციო კლიმატით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ბიზნესის საქმიანობის პირობებით საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ნორვეგიული ბიზნესისთვის. როგორც ინე ერიქსენ სორეიდემ აღნიშნა, ეს არის ფაქტორები, რასაც მსხვილი ნორვეგიული კომპანიები აქცევენ ყურადღებას და საქართველო ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. ინვესტიციების კუთხით ხაზი გაესვა უმსხვილესი ნორვეგიული კომპანიის Clean Energy Group-ის მიერ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციას და აღინიშნა, რომ ნორვეგია დაინტერესებულია ამ მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით ნორვეგიის ღია მხარდაჭერისთვის. ასევე დადებითი შეფასება მიეცა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით კეთდება IDP რეზოლუციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება. განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების განვითარების შესაძლებლობას, მხარეები მიესალმნენ საქართველოთი ნორვეგიელი ტურისტების მზარდ დაინტერესებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა ნორვეგიიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც მინისტრებმა განაცხადეს, საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა შესაძლებელს გახდის მსგავს საკითხებზე უფრო ეფექტიან და შედეგიან კომუნიკაციას.