საზოგადოება
10 ნოემბერს ღამით თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოში ახალი „ვარდების რევოლუციის“ გენერალური რეპეტიცია ჩატარდა - საქინფორმი

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. 26 ოქტომბერს საქინფორმმა გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინანდელი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძამის თემურ ალასანიას შორის და მისი გაშიფვრა - როგორც ორიგინალის ენაზე, ისე რუსული თარგმანი. მკითხველებს ამ საუბრის პირველ ორ ფრაზას შევახსენებთ:

მიხეილ სააკაშვილი: გვარამია ხო არ გამოჩენილა? ხო არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?

თემურ ალასანია: ძაან სწორ აზრზეა, ძაან კარგად არის. უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ, ერთადერთი ნიშა ჩვენი არიო რადიკალიზაცია საზოგადოების.

მიხეილ სააკაშვილი: მოახდინოს რადიკალიზაცია. რადიკალიზაცია გამოიწვევს ქაოსს რა.

სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ (იხ. ფოტო) პირადად აიღო ხელში მიკროფონი და ქაოსის პროვოცირების მიზნით რადიკალიზაცია განახორციელა 10-დან 11 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკვე 2 თვეა, პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო მიტინგებს შვილმოკლული მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

     საქინფორმი შეახსენებს მკითხველებს 2015 წელს უკრაინულ საიტებზე გამოქვეყნებულ სააკაშვილის საუბრების აუდიჩანაწერებს თავის მომხრეებთან. ყველა ამ საუბარში სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებელია სისხლისღვრის მოწყობა ბოევიკების გამოყენებით, კარვების გაშლა, რათა პროვოცირებული იქნეს ახალი სახელმწიფო გადატრიალება მისი დაბრუნების მიზნით. კერძოდ, ნიკა გვარამიასთან საუბარში სააკაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის დასაცავად ბარიკადებზე დაპირისპირების შედეგად ფეხმძიმე ქალი დაღუპულიყო. (საქინფორმის უცხოელ მკითხველებს შევახსენებთ, რომ მაშინ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ტელეკომპანიის დაბრუნება მისი კანონიერი მფლობელის - ქიბარ ხალვაშისათვის, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა).

     მკითხველებს ასევე შევახსენებთ, რომ ამა წლის 4-5 ივნისის რეპორტაჟებში საპროტესტო აქციებიდან რუსთაველის გამზირზე საქინფორმი აფრთხილებდა, რომ ყმაწვილების დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის (პირველი მათგანი მისგან შევიწროებული თანატოლების ჯგუფის მიერ კოლექტიურად დანით მიყენებული ჭრილობებისაგან დაიღუპა, მეორე - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეცოპერაციის დროს პანკისში, რადგან ახმედ ჩატაევის ჯგუფის ბოევიკებთან ურთიერთობდა) ზემოთ დასახელებული მამები შემთხვევით როდი გაერთიანდნენ. სააკაშვილის ჩანაფიქრით, სარალიძის და მაჩალიკაშვილის სიკვდილს ქართველი საზოგადოების თვალში უნდა გადაეფარა ახალგაზრდების - გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელობები, რომლებიც მისი სისხლიანი რეჟიმის დროს პოლიციელებმა მხეცურად დახოცეს, და შვილმოკლული დედების აქციები. გარდა ამისა, ათასობით ვიდეოფაილი საქართველოს ციხეებში არაადამიანური წამების შესახებ და 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის სისხლიანი დარბევის სადამსჯელო ოპერაცია, რომლის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ, ასობით მათგანი კი მძიმედ დაშავდა.

     და აი, გასულ პარასკევს ინტერნეტში გამოჩნდა 2008 წლის ომის გარემოებათა შემსწავლელი კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (რომლის ხელმარჯვნივ ზის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე - ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ენმ-დან), აცხადებს, რომ მან გასცა ბრძანება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ. არადა, ვაშაძის მთელი წინასაარჩევნო კამპანია მოწვეულმა რუსმა პოლიტტექნოლოგებმა (8-კაციანმა ჯგუფმა ვიტალი შკლიაროვის თავკაცობით) სწორედ მე-2 ტურში მისი კონკურენტის სალომე ზურაბიშვილის დადანაშაულებაზე ააგეს, რომელმაც განაცხადა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო!

     ამიტომ ნიკა გვარამიამ სასწრაფო შეკვეთა მიიღო მიხეილ სააკაშვილისაგან - დაუყოვნებლივ გადაეფარა ეს ჩავარდნა პროვოკაციით, რაც განხორციელდა კიდეც მეორე დღეს, შაბათს. საბაბად გამოყენებული იქნა თბილისის მერის კახი კალაძის წერილი, რომელშიც ის სთხოვს მოპროტესტე სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, 7 დეკემბრამდე ლოკაცია შეიცვალონ, რადგან ამ ადგილას, ტრადიციულად, ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყება. ამაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სარალიძემ უარით უპასუხა და კარვების გაშლას შეეცადა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

     (საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კარვების გაშლის მცდელობისას ზაზა სარალიძე კარვის რკინის ჭოკს ურტყამდა პოლიციელებს თავებში და ეს დარტყმა მათ სრულიად შემთხვევით ასცდათ, რასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლო პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებით მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს განიხილავს).

     ადგილზე სასწრაფოდ იქნენ მობილიზებული ოპოზიციის აღშფოთებული ლიდერები „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მეთაურობით, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ „რუსთავი-2“-ის „დამრტყმელი“ წამყვანი ეკა კვესიტაძე და ნიკა გვარამია, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ პროცესს ისევე, როგორც 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ დროს, ლგბტ-ს უფლებების დამცველი პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, პანკისიდან სასწრაფოდ ჩამოქანებული მალხაზ მაჩალიკაშვილი, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი, ხელისუფლებაში ჩანერგილი ლიდერები - სააკაშვილის მომხრეები: საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მოხდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლის პროვოცირება, რომლის დროს ზაზა სარალიძემ და მისმა დედამ გულის წასვლა გაითამაშეს და ტროტუარზე წაიქცნენ, თითქოს პოლიციელების ხელით, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში წაიყვანა. სულ მალე ისინი მხნედ და ჯანმრთელად მყოფები დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე, მონაწილეობა მიიღეს მიტინგში და უშვერი სიტყვებით აგინეს პოლიციელებსაც და ბიძინა ივანიშვილსაც. მომხრეებთან ერთად მათ მაინც გაშალეს პარლამენტის წინ 20 კარავი, რომლებშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილნი ღამით დარჩნენ სარალიძის და მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და განაცხადეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, სანამ მათი შვილების მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისჯებიან.

     ახლა საკითხი პრინციპულად დგას - ან სააკაშვილის ოპოზიცია მისი პარტიის მეთაურობით რუსთაველის გამზირზე ათასობით მომხრეს მოუყრის თავს და ხელისუფლება უკან დაიხევს, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს წააგებს და თბილისში საახალწლო ზეიმს არ ჩაატარებს, ხოლო დედაქალაქის ცენტრი ისევ დიდი ხნით გადაიქცევა კარვების ქალაქად, როგორც უკვე არაერთხელ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში; ანდა ხელისუფლება პოლიციის ძალებით გაწმენდს პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიას საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ პროტესტებისა და პროვოკაციების მიუხედავად.

 საქინფორმი