აქტუალური
თბილისის მერია მოუწოდებს პოლიტიკოსებს და მედიასაშუალებებს, ნუ ახდენენ პროცესების პოლიტიზებას და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს 10 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან.

გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს, რომელიც პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არა აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ და განვმარტოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისადმი.

გაცნობებთ, რომ ამა წლის 1 ნოემბერს თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება.

მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწიურად, ტრადიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არა აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაშიაქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.

თბილისის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.