აქტუალური
საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, ტრანზიტით გატარებული გაზის პროპორციულად, შეღავათიან ფასში მიიღოს რამდენიმე ასეული მილიონი კუბური მეტრი გაზი

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტრანსადრიატიკულ მილსადენთან (TAP) დაკავშირებით იტალიის საბოლოო გადაწყვეტილებას ეხმაურება. კორპორაციის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად საქართველო რამდენიმე ასეულ მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს.

სამხრეთის გაზის კორიდორის ევროპული ნაწილისტრანსადრიატიკული გაზსადენის (ТAP-ის) განხორციელების შემდეგ კასპიის საბადოების გაზი ევროპას ახალი წყაროდან, ახალი მარშრუტით მიეწოდება.

TAP-ის პროექტის დასრულება დაგეგმილ დროში ნიშნავს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის წლიურმა დატვირთვამ შეიძლება 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს.

იტალიამ საბოლოო თანხმობა განაცხადა პროექტზე, რომლითაც გაზს საქართველოს გავლით მიიღებს

შედეგად საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, ტრანზიტით გატარებული გაზის პროპორციულად, შეღავთიან ფასში დამატებით მიიღოს რამდენიმე ასეული მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში“, – აცხადებენ კორპორაციაში.

იტალიის მთავრობამ თანხმობა განაცხადა ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობაზე იტალიის სანაპირო წყლებსა და ხმელეთზე. ამით მოიხსნა ის უკანასკნელი ბარიერი, რაც გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებდა სამხრეთის გაზის კორიდორის დასრულებას დაგეგმილ ვადებში.

სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი მოიცავს ოთხ ძირითად ნაწილს – აზერბაიჯანულ შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზას, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს, თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ტრანსანატოლიურ მილსადენ TANAP-ს და ტრანსადრიატიკულ TAP მილსადენს.

კორიდორის შემადგენელი პირველი სამი პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია, პარალელურად დაწყებულია TAP მილსადენის მშენებლობა საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე. ახლა კი პროექტის რეალიზაცია ინტენსიურად გაგრძელდება იტალიის მონაკვეთზეც.