საზოგადოება
საქართველოს ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფაა - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და ზოგადად, ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, კონფერენციაზე განსახილველი საკითხები ძალიან აქტუალურია, რადგან ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხება.

მისივე თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების, თავდაცვისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განხილვების მთავარი საგანი იქნება.

გარდა ამისა, ასეთი ფორუმები უშუალოდ ჩვენთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს ნატოსთან და ევროკავშირთან. მინდა, სიამოვნებით აღვნიშნო, რომ დღეს მიღწეული სტანდარტები, თავდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი და ასევე 20 პროცენტამდე გაზრდილი დანახარჯები ძირითად თავდაცვით შეიარაღებაზე, სრულად თავსებადია ნატოს მოთხოვნებთან. ამავე დროს გვაქვს ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ურთიერთთავსებადობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ, ისევე როგორც ნატოს და პარტნიორი ქვეყნების მზადყოფნისა და მდგრადობის დონის ამაღლებისკენ და ზოგადად, ნატოს გაძლიერებისკენ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და ზოგადად, ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ქართველი სამხედროების სამაგალითო სამსახურმა სახელი გაუთქვა ქართველ მეომრებს, როგორც უშიშარ და თავდადებულ ჯარისკაცებს.

მსოფლიოში მშვიდობისათვის ბრძოლას, სამწუხაროდ, ქართველი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლეც ემსხვერპლა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას. ასევე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო საერთაშორისო მისიებში დაშავებულ ჩვენს სამხედროებს. დღეს ავღანეთშიმტკიცე მხარდაჭერის მისიაშინატოს ჯარისკაცებთან ერთად 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ებრძვის ყველაზე დიდ გამოწვევასსაერთაშორისო ტერორიზმს, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ჩვენი სამხედროები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც გლობალური, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარშემო არსებული ვითარება და ტენდენციები, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის კონტექსტში. უნდა ვიმსჯელოთ რეგიონალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას, ასევე ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი თქმით, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა, რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა.

მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნოჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახალი ეკოსისტემის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება.

სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოსტოტალური თავდაცვისპრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.