სამართალი
არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15 პირია მიცემული - შსს

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წევრები, – არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებული ინციდენტების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით დაიწყო. შეტყობინების მიღებისთანავე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, კონფლიქტის შემსწრე და სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები. მხარეები და მოწმეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ. ამ დრომდე ვერ მოხერხდა ყველა დაზარალებულის გამოკითხვა. 2018 წლის 30 ოქტომბერს დაზარალებულებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, რამაც საწყის ეტაპზე გამოძიებას შეუქმნა გარკვეული პრობლემები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით. 2018 წლის 31 ოქტომბერს ზემოაღნიშნული პირები დათანხმდნენ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ორი მათგანი უკვე გამოიკითხა. დანარჩენი ორი დაზარალებული მათივე სურვილით გამოიკითხება 2018 წლის 1 ნოემბერს.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის მოტივის და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, გამოძიება, უმოკლეს ვადებში, იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ასევე სასამართლო-სამედიცინო და სხვა აუცილებელი ექსპერტიზები. მუშავდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება, არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში მომხდარ სხვა ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, უწყების ცნობით, არჩევნების დღეს პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იყო მყისიერი. კერძოდ, 2018 წლის 28-30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სულ გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 126-ე, 151-ე, 154-ე, 187-ე და 239-ე მუხლებით.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 18 ინციდენტის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა. 6 ინციდენტის შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს. საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასარიდებლად, მათივე სურვილით, არ გამოკითხულან შეტყობინების ინიციატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ. აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებადაწყებულ საქმეთა შორის არის მარნეულის ინციდენტი, რაზეც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთი წევრი და „ქართული ოცნების“ ერთი წევრი.

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წევრები, მათ შორის, ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას და აცხადებს, რომ სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა, სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.