პოლიტიკა
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება და კონტროლი - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბე რუდი ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტურ სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს.

ლაპარაკია ინგლისურენოვან რესურს ReportBlog-ის პუბლიკაციაზე, რომელიც სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მისი რეჟიმის ბევრ დანაშაულში გარეულმა კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ გაავრცელა. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა საქართველოში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის დროს, ვითომდა, მკაცრად გააფრთხილა ხელისუფლება - არავითარ შემთხვევაში არ გადასცენ აშშ-ში შეძენილი „ჯაველინები“ რუსეთის ფედერაციას. „აი, რა საფრთხე დაინახა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში პრორუსული, მოღალატე ხელისუფლებაა, ისეთივე, როგორი პრეზიდენტობის კანდიდატიც შემოგვთავაზა!“, - კომენტარს უკეთებს ზემოაღნიშნულ პუბლიკაციას ნიკა რურუა.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა აქვთ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება და კონტროლი. ინფორმაცია, ომელიც გავრცელდა, არის აბსოლუტური სიცრუე", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.