სამართალი
ნათია მეზვრიშვილი კანაფის კულტივაციაზე – განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადებულია, შფოთვები ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად უადგილოა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მარიხუანას მოხმარების რეგულირების კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა. ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით დეპუტატების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის ავტორი მთავრობაა და, შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება მისი პარლამენტიდან გაწვევა.

გუშინაც და დღესაც მარიხუანასთან მიმართებით საუბარია მხოლოდ ერთ კანონპროექტზე, საუბარია მარიხუან მოხმარების კანონპროექტზე, რომლის ავტორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომელიც მოხმარებას საზოგადოებრივი თავშეყრისა და სხვა ადგილებში, აქცევს მკაცრ ჩარჩოებში. რაც შეეხება კულტივაციის ნაწილს, კულტივაციასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვა არის გადადებული განუსაზღვრელი ვადით. არც გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე და არც დღეს პლენარულ სხდომაზე, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება გაწვევას, საუბარია ოთხ დეპუტატზე, რომლებმაც გუშინ ეს ინიციატივა წარმოადგინეს გაწვევის შესახებ, მაგრამ გაწვევას აქვს თავისი პროცედურები. ეს პროცედურები კარგად იციან დეპუტატებმაც და კარგად იციან მთავრობის წევრებმაც. კანონპროექტის ავტორი არის საქართველოს მთავრობა. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს კანონპროექტი იქნეს გაწვეული, იქნება გაწვეული, მაგრამ ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის განხილვის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამიტომ ეს რაღაც შფოთვები ამ საკითხთან დაკავშირებით არის სრულიად უადგილო. მოსული ვარ დღეს იმისთვის, რომ მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი გამოვიტანო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება, გასაგებია ეს განცხადებები, თუმცა პროცედურა როგორიც არის, იმ პროცედურას მიყვება საქართველოს მთავრობა.

გასაგებია მათი მოსაზრება, მთავრობამ გააკეთა უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება, კონსენსუსის შედეგი, რომ ეს კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება და გადადებულია მისი განხილვა განუსაზღვრელი ვადით. გაწვევასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი პროცედურები. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაწვეული იქნას ეს კანონპროექტი, გაწვეული იქნება, თუ არ მიიღებს, არ იქნება, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.