პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პუტინთან შეხვედრას არ აპირებს, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაჭრის „გასაღები მას არ აქვს“ - ინტერვიუ DW-ს

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს.

ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგების შესახებ ჰკითხა. პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები ყოველთვის იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ინსტრუმენტი.

„ასევე ამბობენ, რომ ამ ციფრებს უკან არანაირი სამეცნიერო ბაზა არ არის. ამიტომ უმჯობესია, მათ არ მივენდოთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, აკონტროლებს თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყოველთვის დამოუკიდებელი იყო.

„მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. ასეთი ვიყავი პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, რომელიც მხარს მიჭერდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გავხდი. თუმცა, მისი პოლიტიკა აღარ შეესაბამებოდა ჩემს პრინციპებს. მე კვლავ დამოუკიდებელი ვარ. მმართველმა პარტიამ ჩემი მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც დამოუკიდებელ კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოვაცხადე. ამ მხარდაჭერას არ შევუცვლივარ არც მე და არც ჩემი პრინციპები. მთელი ცხოვრების განმავლობაში არავინ არასდროს მაკონტროლებდა. ვიდრე „ქართული ოცნება“ ჩემს მხარდაჭერას გადაწყვეტდა, ივანიშვილთან არანაირი წინასწარი შეთანხმება არ მქონია. საკუთარ თავზე არანაირი წინაპირობები არ ამიღია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ საქართველო უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა გახდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა დემოკრატიული პრინციპებისგან გადახრა ივანიშვილის მიერ ქვეყნის კონტროლი, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა უპასუხა:

„ახლა ივანიშვილი აკონტროლებს არა იმაზე მეტად, ვიდრე სააკაშვილი აკონტროლებდა. ახლა, რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ გააჩნია უმრავლესობა, თუმცა ერთდროულად პარლამენტში მუშაობს სამი, მათ შორის ორი ძლიერი ოპოზიციური პარტია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს ერთ-ერთ საგამოძიებო კომისიას. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. პარლამენტი 100 პროცენტით სააკაშვილის კონტროლის ქვეშ იყო. ახლა მედიაც არ არის კონტროლირებადი. მედია, რომელიც 100 პროცენტით სააკაშვილის ხელში იყო. ახლა საქართველოში ხუთი ტელეკომპანია ოპოზიციის ხელშია. ასე რომ, ახლა ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვართ, სადაც არის სიტყვის თავისუფლება, სადაც შესაძლოა, ძალთა ბალანსი ჯერ საკმარისად სამართლიანი არ არის და სადაც ალბათ უფრო მეტი მრავალპარტიულობა უნდა იყოს“, – ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეუძლია რამის შეცვლა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ცალმხრივად ქართულ-რუსული ურთიერთობების შეცვლა შეუძლებელია.

„ვინც ამბობს, რომ შესაძლებელია ცალმხრივად რუსულ-ქართული ურთიერთობების შეცვლა, ნდობას არ იმსახურებს. ეს ორივე მხარეზეა დამოკიდებული. პრეზიდენტს აქვს დიდი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო პოლიტიკაში. საგარეო პოლიტიკას კი შესანიშნავად ვიცნობ საფრანგეთსა და საქართველოში წინა თანამდებობებზე მუშაობიდან. აქ ბევრია დამოკიდებული პირად ინიციატივებზე, იდეებსა და კონტაქტებზე. სწორედ ეს სამი რამ და გამოცდილება მე მაქვს. თუმცა, ახლა ეს დამოკიდებულია ევროპლ და ამერიკლ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზეც. უნდა ვეძებოთ ახალი გზები, რომ გამოვიდეთ ახლანდელი ჩიხიდან. უნდა განვიხილოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რა დამატებითი ზომების მიღება შეგვიძლია საზღვრის გავლების გარეშე. ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ წითელ ხაზს, რომლის იქითაც ჩვენ არ გადავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ჟანა ნემცოვა ასევე დაინტერესდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რუსეთში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას. „პრობლემის გადაწყვეტის გასაღები ხომ მის ხელშია“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

„დღეს იმაზე საუბარი, რომ გასაღები რუსეთის პრეზიდენტის ხელშია, ნიშნავს, რომ არანაირი გასაღები არ არის, რადგან რამე მოქმედების ნიშნები არ არის არც განცხადებებში და არც ადგილზე. ის, რასაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყოველდღე ვხედავთ, არის რუსეთის ნაბიჯების არარსებობა“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ქართული ენის ცოდნისა და ფრანგული აქცენტის გამო კრიტიკის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე 16 წელია, ცხოვრობს, მის მიმართ ქართული ენის გამო კრიტიკა კი ორი თვის წინ დაიწყო. ზურაბიშვილმა აღნიშნულ თემაზე საუბრისას ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მაგალითი მოიყვანა.

„ჩემს შვილს ნაკლები აქცენტი აქვს, ვიდრე მე. საქართველოში პირველად 36 წლის ასაკში ჩამოვედი. ქართული ოჯახში ვისწავლე. მთელი ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად არ მქონდა კონტაქტი ქართველებთან, მათ გარდა, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობდა. არ იყო არც სოციალური ქსელები, არც ტელევიზია. მე ქვეყანაში 16 წელია ვცხოვრობ. ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამირჩიეს პარლამენტს წევრად. კრიტიკა კი ამ საკითხზე ორი თვის წინ დაიწყო. თუმცა, ეს პრობლემა არ არის, რადგან არსებობს ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მაგალითი. ის ასევე იყო ემიგრანტი, დაბრუნდა თავის ქვეყანაში და აირჩიეს პრეზიდენტად. მასაც აკრიტიკებდნენ, რომ მის სასაუბრო ენა საკმარისად კარგი არ იყო. სწორედ მან შეიყვანა ლატვია ევროკავშირსა და ნატოში. ამიტომ მე მზად ვარ კრიტიკისთვის, თუ ამავე შედეგების მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.