საზოგადოება
სააკაშვილის შეწყალებას საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისათვის მეტად არასასიამოვნო შედეგები ექნება, მიაჩნია კონსტანტინე კოსაჩოვს

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. „რუსეთში ყურადღებით ადევნებენ თვალს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას საქართველოში, სადაც ხდება მოქმედი ხელისუფლების და გაერთიანებული ოპოზიციის დაპირისპირება, რომელშიც შედის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია“, - განუცხადა „რია-ნოვოსტის“ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა.

„საქართველოს სახელმწიფო მოწყობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ფორმალურად პრეზიდენტს მეტად შეზღუდული უფლებები აქვს. მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. მოცემულ შემთხვევაში მეორე ტურში ლაპარაკი იქნება მოქმედი ხელისუფლების კურსის შეჯახებაზე ოპოზიციის კურსთან, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდება“, - აღნიშნა კოსაჩოვმა და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შედის შეწყალება.

„ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ეს უფლებამოსილება შეიძლება აღმოჩნდეს მოთხოვნადი ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ამჟამად გაქცეულია. ამას კი მომავალში საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისათვის მეტად არასასიამოვნო შედეგები ექნება“, - დასძინა სენატორმა.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ბოლოს და ბოლოს, ლაპარაკია რუსეთის მეზობელ ქვეყანაზე, რომლის ხალხის მიმართ რუსებს ძალზე კეთილი გრძნობები აქვთ შერჩენილი“, - დაასკვნა პარლამენტარმა.

ცნობისათვის: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო უბნების 100%-ის დამუშავების შემდეგ იუწყება, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38,64% დააგროვა, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%. მეორე ტური ჩატარდება არა უგვიანეს 2 დეკემბრისა.