პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში, საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში, საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ თავის შეცდომებსა და საზოგადოების მოლოდინებზე მკაფიო გზავნილი მიიღო.

ჩვენ, ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს, ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ერთსულოვნება, მათ შორის იმ მხარდამჭერებისა, რომლებმაც გუშინ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

შესაბამისად, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო, არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ ქართველი ერი.

ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, ისეთის, როგორიც ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.