პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ივანიშვილის პარტიამ სააკაშვილის პარტიის წინაშე ერთადერთი უპირატესობა არ გამოიყენა - საქართველო რუსეთთან არ შეარიგა, და ამიტომაც დამარცხდა!

     2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაცემა დაიწყო, რაც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე დასრულდება.

 

     2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა და სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხმების ერთნაირი რაოდენობა აიღეს (დაახლოებით 38%), მაგრამ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც მე-2 ტურის ჩატარებას ნიშნავს.

     მეორე ტურში ვინ გაიმარჯვებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია, რომ პირველ ტურში ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლეული იქნა, სააკაშვილი და მისი პარტია ამიერიდან მთლიანად რეაბილიტირებულნი და ლეგიტიმურები არიან, რადგან მათ საქართველოს 600 ათასზე მეტი მოქალაქე უჭერს მხარს. ეს კი ნიშნავს, რომ 9-წლიანი რეჟიმის საშინელებები - წამება, რეკეტი, 2008 წლის აგვისტოს სამხედრო პროვოკაცია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და, შედეგად, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა - დავიწყებულია, ეს კომპრომატი მოძველდა და აღარ მუშაობს. შესაბამისად, არ მუშაობს მესიჯიც - „ჩვენ კარგები ვართ, იმიტომ რომ მათსავით ცუდები არ ვართ“. მაშ, კიდევ რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?!

     აი, რატომ მოხდა, რომ იმათაც კი, ვისაც „ნაციონალები“ ჭირივით სძულს, ამჯერად სააკაშვილის კანდიდატს მისცეს ხმა - ივანიშვილისა და მისი „მეოცნებეების“ ჯიბრზე, რომლებმაც მათი იმედები ვერ გაამართლეს! და თუკი 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებულად „ქართულ ოცნებას“ გამოაცხადებენ, სააკაშვილი „ვარდების რევოლუცია-2“-ს მოაწყობს, როგორც 2003 წლის ნოემბერში, ხოლო თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, სამოქალაქო ომი გარდაუვალი იქნება, რადგან სააკაშვილი ანგარიშსწორებას დაიწყებს (მითუმეტეს, რომ სიები კარგა ხანია, მზად არის). მტრები კი მას ასევე 600 ათასზე მეტი ჰყავს, თუკი გასულ კვირა დღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის ხმის მიმცემთა რაოდენობით ვიმსჯელებთ. ახლო წარსულის მწარე გამოცდილებით ჭკუანასწავლები, ისინი სააკაშვილის ზონდერბრიგადებს სათითაოდ არ დანებდებიან, არამედ იარაღით ხელში რუსთაველის გამზირზე გამოვლენ, რაც მორიგ „თბილისის ომამდე“ მიგვიყვანს.

     იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელიც ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ თავის ხმებთან ერთად მისცა - რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა, შემდეგ კი აფხაზებთან და ოსებთან შერიგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - სახელისუფლებო პარტია 6 წელია ოპოზიციის წინაშე თავს იმართლებს და აშშ-სა და ევროპას უმტკიცებს, რომ უფრო პროდასავლურია, ვიდრე მისი წინამორბედი - სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“.

     იმის ნაცვლად, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის აღდგენის შემდეგ წარმატება განევითარებინა და პოლიტიკური კავშირების აღდგენაზე გადასულიყო, ივანიშვილის პარტია შეუშინდა პრორუსულობაში დადანაშაულებას, რითაც მას სააკაშვილის პარტია აფრთხობს, და ეს ტრენდი შუა გზაზე გაყინა! ამგვარად, მმართველმა პარტიამ არ გამოიყენა სააკაშვილის პარტიის წინაშე თავისი მთავარი უპირატესობა. მეტიც, ზურაბიშვილის მთელი წინასაარჩევნო კამპანია „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის კანდიდატის, მასთან ერთად კი სააკაშვილის ბიძის „პრორუსულობაში“ - სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს КГБ-სთან თანამშრომლობაში - დადანაშაულებაზე ააგო. თუმცა, როგორც ხედავთ, ამ „კომპრომატს“ ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში შთამბეჭდავი შედეგისთვის მიეღწიათ!

     ივანიშვილის პიარტექნოლოგებმა, რომლებმაც თავიანთი რჩევებით თავის დროზე პრემიერი ჟვანია დაღუპეს, არ გაითვალისწინეს, რომ КГБ-სთან, ГРУ-სთან, კრემლთან, პუტინთან თანამშრომლობის თემა იმდენად დემონიზებულია, თანაც - მსოფლიო დონეზე (გაიხსენეთ ბოლო არჩევნები აშშ-ში, სადაც ტრამპმა რუსული სპეცსამსახურების წყალობით „გაიმარჯვა“!), რომ უკვე არანაირ რეაქციას აღარ იწვევს, ergo, პოლიტიკური დივიდენდები არ მოაქვს.

     ამავე პიარტექნოლოგებს ეკუთვნის სლოგანი „ევროპა და კულტურა“, რომლითაც ივანიშვილი ასე „მოიხიბლა“. შეგახსენებთ, რომ ჟვანია, რომელზეც „ვარდების რევოლუციის“ დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების იმედს ამყარებდნენ, „ევროპულად“ მოკლეს, როგორც კი ამ პიარტექნოლოგების რჩევით თავისი ორიენტაციის შესახებ მთელ მსოფლიოს განუცხადა: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. თავისი პიარტექნოლოგების მიერ შეთავაზებული იდეით - საქართველოში კულტურული რევოლუციის მოხდენით - მოხიბლულმა ივანიშვილმა არ გაითვალისწინა, რომ მანამდე საჭიროა მთელი ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია - ანუ მრეწველობის და სოფლის მეურნეობის აღდგენა მშიერი ხალხის დასაპურებლად!

     ივანიშვილის პიარტექნოლოგებმა არც ის გაითვალისწინეს, რომ განსაკუთრებით ჩაღრმავება თემაში „ევროპულ ოჯახში დაბრუნება, სადაც არ არის ძალადობა, სიცრუე და უკულტურობა“, არ ღირს, რათა ისეთ ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებს არ გადააწყდე, როგორებიცაა ინკვიზიცია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ-ს შაბაში ან იუვენალური იუსტიცია! რომელთა ულაპარაკოდ მისაღებად ქართველი ხალხი მზად არ არის, რასაც მოწმობს გრანტი 500 000 დოლარის ოდენობით, რომელიც ორიოდე კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროდასავლური სიკეთეების პროპაგანდისთვის გადმოურიცხა!

     ქართველმა ხალხმა ივანიშვილისადმი პატივისცემის გამო 2013 წელს უფლება მისცა მას, „სენატორად საკუთარი ცხენი დაენიშნა“ - საქართველოს პრეზიდენტად მარგველაშვილი აირჩია, მაგრამ „მადლიერების ნიშნად“ მიშას ბოროტმოქმედებთან „კოჰაბიტაცია“ და „ტოლერანტობა“ მიიღო. „მარგველაშვილს რომ არ სწყენოდა, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში შევიტანეთ შენიშვნა (?!), რომ საპრეზიდენტო არჩევნები-2018 და საპარლამენტო არჩევნები-2020 ძველებურად ჩატარდება - პირდაპირი ხმის მიცემით და შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით, შესაბამისად“, - ეს არის ციტატა პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარის განმარტებიდან. განა ხალხი ასეთ სუსტ ხელისუფლებას პატივს სცემს?! ხალხს არ დავიწყებია, გასული 5 წლის განმავლობაში რამდენი ზიანი მოიტანა ივანიშვილის პროტეჟემ, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების დანარჩენი შტოების მიმართ ოპოზიციად გადააქცია! ჯერ სადა ხართ, რა იქნება, როცა პრეზიდენტი ვაშაძე გახდება, რომელიც საქართველოში დაბრუნებულ სააკაშვილს შეიწყალებს!

     დიახ, სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილის გარშემო ერთგული იდეური თანამებრძოლები არ არიან - ჭეშმარიტი პატრიოტებისა და პროფესიონალებისთვის მთაწმინდის გზა ყოველთვის ჩაკეტილი იყო! სამაგიეროდ, ივანიშვილს ჰყავს გამყიდველი ასტროლოგები - „პიარტექნოლოგები“, რომლებიც დიდი ფულის სანაცვლოდ „ფსიქოპროექტის“ ტიპის ნაირგვარ „ტუფტას“ აჩეჩებენ. ისინი თავიანთ ქალიშვილებთან და მეუღლეებთან ერთად მის ფრთებქვეშ მოკალათებულან და მუშაობენ პრინციპით „დილით - ფული, საღამოს - სკამები“, და როგორც კი დაფინანსება შეფერხდება, ივანიშვილის პირველი მტრები ხდებიან, როგორც უკვე ბევრჯერ მოიქცნენ თავიდან მის მიერ ნაფერები „ექსპერტები“, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვა თაღლითები, რომლებმაც უზრუნველი მომავალი გაინაღდეს...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 30 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი