სამართალი
ბიძინა ივანიშვილი: მარიხუანას ექსპორტმა, შესაძლოა, საქართველოს 2 მილიარდი დოლარი მოუტანოს, იმიტომ რომ მისი წარმოების რენტაბელობა 500%-ია

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. კოსმეტიკური და სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტის წყალობით საქართველოს შეუძლია, მილიარდი დოლარი მიიღოს, განაცხადა მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ სექტემბრის შუა რიცხვებში შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანას მოყვანას ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის. ამ ინიციატივამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით პარლამენტმა პროექტის განხილვა ორი თვით გადადო.

რენტაბელობა არის ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთ-ორ და სამ წელში“, – განაცხადა ივანიშვილმა ქვეყნის სამი წამყვანი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ქართული ოცნების“ ლიდერი მართებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მისმა პარტიამ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა.

რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადეკვატური იყო გუნდის რეაქცია, კანონპროექტი არის შეჩერებული. გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ასევე აღიარა, რომ ის მმართველ პარტიაში ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოში სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანას კულტივაციის იდეას მხარი დაუჭირა.

რა თქმა უნდა, სამედიცინო და კოსმეტიკური წარმოების კუთხით ამ იდეას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით: ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ დამატებით 1 მილიარდი და, შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პარლამენტში ადრე ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, კანაფის მოყვანა, გადამუშავება და მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე იქნება დაშვებული.

სულ ათი ლიცენზია იქნება. იგი ხუთი წლის ვადით გაიცემა და მასში მკაფიოდ იქნება გაწერილი წარმოების დასაშვები მოცულობა.

მაგალითად, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოყვანაზე ლიცენზიის მფლობელს აეკრძალება მისი გადამუშავება და ექსპორტი. თუმცა, დაშვებული იქნება თესლისა და ნერგის იმპორტი. ხოლო კანაფის გადამუშავების ლიცენზიის მფლობელს მისგან პროდუქციის წარმოების უფლება არ ექნება.

რაც შეეხება კანაფის გადაზიდვას, ამით იქნება დაკავებული კომპანია, რომელსაც არ ექნება არც მოყვანის, არც გადამუშავების, არც წარმოების, არც ექსპორტის და არც იმპორტის უფლება.

ამასთან, ქართული კანაფის წარმოების ყველა პროდუქტი იქნება წარმოებული მხოლოდ და მხოლოდ საექსპორტოდ — ვერც ერთი წამალი ან პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქცია შიდა ბაზარზე ვერ მოხვდება, ნათქვამია კანონპროექტში.

ქართული კანაფის წარმოებას კიდევ ერთი თვისება ექნება — წარმოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებული შეზღუდვა. ამ ტერიტორიებს შიდა კვოტების საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოყოფს. ამასთან, საწარმოების ტერიტორია 500 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული სკოლებს, უნივერსიტეტებს, საბავშვო ბაღებს, ბანაკებს და ა.შ.

შეზღუდვები შეეხება კანაფის მოყვანასაც. მოყვანისთვის დასაშვებ ჯიშებს და პროდუქციის რაოდენობაზე კვოტებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, ნათქვამია კანონპროექტში.