აქტუალური
თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები პარიზიდან და ლონდონიდან ჩამოვიდნენ, რათა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დედას - სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი (ვიდეო)

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას მისი შვილები თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები ესწრებოდნენ.

თეიმურაზ გორჯესტანმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა (ვიდეო იხ. აქ).

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა – „დედაარის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირია შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ჩვენთის ყოფილიყო ქართული.

ჩვენ დღეს ერთად გვინდოდა, მადლობა გადაგვეხადა დედასთვის, მამისთვის და გარდაცვლილი ბებიისთვის, რადგან დღეს აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, რადგან ეს ახასიათებს ჩვენს ოჯახსქართველობის დაცვა. საქართველოს დაცვა იწყებოდა ოჯახში, მისი ფუნდამენტალური ფასეულობების შენარჩუნებით. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის წინაპრების პატივისცემა იყო. ამის გამო, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის, ქალის მიმართ, გარდაცვალებული ბებიის მიმართ, სრულიად მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული. შეიძლება ახლა ქართულად შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ ქართველობას არასდროს დავარღვევ.

ჩვენი ოჯახის მიერ საქართველოს დაცვა ნიშნავდა უფრო მოვალეობას, ეს იყო ვალდებულება ბაბუაჩემის, ლევან ზურაბიშვილის, როდესაც მან უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. არა იმიტომ, რომ საფრანგეთს უარყოფდა, არამედ იმისთვის, რომ დარჩენილიყო ქართველი. ქართველი დაიბადა და ქართველი ლტოლვილი გარდაიცვალა. ეს იყო მამაჩემის ვალდებულება, ქალბატონი სალომეს პირველი ქმრის, რომელმაც 1990 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთვის პირველი ლიბერალური ეკონომიკური პროგრამა დაწერა. ეს იყო ვალდებულება ჯანრი კაშიასი, როდესაც წამოვიდა დასავლეთში 1980-იან წლებში, რომელიც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ლიტერატურით, ისტორიითა და ფილოსოფიით იბრძოდა. ახლა დედაჩვენის ვალდებულებაა.

ამას პირველად გამოვხატავთ და არც კი ვიცი, იცის თუ არა დედაჩემმა, ახლა რასაც ვიტყვი. როდესაც ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს იპოდრომზე ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რადგან საქართველოში პოლიტიკა კიდევ საშიში იყო და მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. დედაჩვენმა თხოვნაზე გვიპასუხა, რომ ბრძოლა იყო მისი ვალდებულება და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. ეს სიტყვები დღემდე მახსოვს.

დღეს გვინდოდა, საზოგადოებისთვის გვენახებინა დედაჩვენის გამბედაობა. ჩვენი ემიგრაციის ბედი იყო ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს დაბრუნება ევროპულ სფეროში. სალომე ზურაბიშვილის არჩევანი უნდა იყოს ის ხიდი, რომელიც მისცემს საქართველოს საშუალებას, მიუახლოვდეს 21- საუკუნის ევროპას. ეს უნდა იყოს ხიდი თბილისიდან პარიზამდე, თბილისიდან ლონდონამდე, თბილისიდან ბრიუსელამდე.

ჩვენ, როგორც საფრანგეთსა და ამერიკაში დაბადებულები და გაზრდილები, ვოცნებობთ, ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება, რომელიც ჯერ არ შემოსულა.

კვირა დღეს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, შეასრულოს 1921 წელს დაწყებული ისტორია და ბოლომდე მიიყვანოს ემიგრაციის ოცნება. როგორც ქეთევანმა მედიასთან განაცხადა, მგონი, ჩვენთვის უკვე მოვიდა დრო, დაგითმოთ ძვირფასი დედა. ვიცით, რომ ყველას დაგიცავთ, დაიცავს საქართველოს, როგორც ჩვენ დაგვიცვა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს დედიკოს და გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.