პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში გაუხსნელი დანაშაულები არ არსებობს, ანუ რატომ იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

 პატარკაციშვილის მკვლელობა დიდი ხანია, გახსნილია - ეს იყო საქართველოს შსს-ს, პირადად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის, და ბრიტანეთის სპეცსამსახურების - კონტრდაზვერვის МI 5-ის და სკოტლანდ-იარდის ერთობლივი ოპერაცია, რომელიც აშშ-ის CIA-ს სანქციით ჩატარდა

 

     კვირას, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“. გაიმარჯვებს იმიტომ კი არა, რომ ყველა პარამეტრის მიხედვით პრეზიდენტობის იდეალური კანდიდატია (ასე სულაც არ არის), ანდა „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსის და ბანკ „ქართუდან“ ფინანსების წყალობით. რეფორმირებული კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში ყოვლისშემძლე არ არის, როგორც ამას მიტინგებზე ოპოზიციის ლიდერები წარმოადგენენ და მოსახლეობას მხარდაჭერის სანაცვლოდ არარეალურ სიკეთეებს ჰპირდებიან. მაგრამ ზურაბიშვილის გამარჯვებას პრინციპული, მე ვიტყოდი, მენტალური მნიშვნელობაც კი აქვს, იმიტომ რომ მისი დამარცხება ავტომატურად „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებას და, მაშასადამე, სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ბნელ წარსულში დაბრუნებას ნიშნავს.

     ზურაბიშვილის - საქართველოს მე-5 და ბოლო პრეზიდენტის, რომელსაც პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ - მთავარი ამოცანა იქნება არა მისთვის მიუღწეველი მიზნების გადაჭრა, როგორებიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და პენსიების მრავალჯერ გაზრდა, არამედ ქირურგების დევიზი - „ზიანი არ მიაყენო“, ანუ შეძლებისდაგვარად ნაკლები შეცდომის დაშვება.

     ხშირად მეკითხებიან - თუკი ყველაფერი წინასწარ ცნობილია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მუდმივად რატომ მონაწილეობს ბევრი კანდიდატი, თუმცა ყველამ იცის, რომ გამარჯვების შანსი მხოლოდ ერთ-ორს აქვს? საქმე ის არის, რომ საქართველოში, და არა მხოლოდ აქ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ყველაზე მომგებიანი ბიზნესია - ერთი თვის განმავლობაში რესტორნის მომღერლებივით მიკროფონში ამომრჩევლის ყურისთვის სასიამოვნო „სიმღერების მღერა“, სამაგიეროდ კი შემოწირულობის სახით და სახელმწიფოსაგან სოლიდური დაფინანსების მიღება. ასიათასობით და მილიონობით ლარის ძირითადი ნაწილი კანდიდატისა და მისი უახლოესი გარემოცვის ჯიბეებში მიდის. ამ ფულით ისინი უდარდელად იცხოვრებენ მომავალ არჩევნებამდე და პარტიულ ოფისებსაც შეინახავენ. ასეთი პოლიტიკური „ცეხოვიკების“ კლასიკური მაგალითებია ნათელაშვილი და უსუფაშვილი. მაგრამ საზელისუფლების პარტიის მთავარი მოწინააღმდეგე მომავალ არჩევნებზე არის არა ოპოზიცია, არამედ მდგომარეობა ქართულ ეკონომიკაში, რომელმაც ეროვნული ვალუტის დევალვაცია და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის დუხჭირი სოციალური მდგომარეობა გამოიწვია.

     არჩევნების შემდეგ შეწყვეტს თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „კაცმა არ იცის, საიდან“ მის ხელთ მოხვედრილი კომპრომატების - ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას, ხოლო ხელისუფლება - სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების გახსნას, როგორიც იყო, მაგალითად, არჩევნების წინ გახსნილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობა? უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ პატარკაციშვილის მკვლელობა დიდი ხანია, გახსნილია - ეს იყო საქართველოს შსს-ს, პირადად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის, და ბრიტანეთის სპეცსამსახურების - კონტრდაზვერვის МI 5-ის და სკოტლანდ-იარდის ერთობლივი ოპერაცია, რომელიც აშშ-ის CIA-ს სანქციით ჩატარდა. ვანო მერაბიშვილი შემთხვევით როდი ჩავიდა ფარულად ლონდონში საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას პატარკაციშვილთან ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე. როგორც ჩანს, ეს იყო მაღალტექნოლოგიური შხამი პორტონ-დაუნის ბიოლაბორატორიიდან, რომელიც ჩაიში შეურიეს ან რაიმე საგანს (მაგალითად, კარის სახელურს) წაუსვეს ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მას ბადრი შეეხებოდა. ამის შესახებ მრავალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი, როცა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საიდუმლო გრიფს მოხსნის. დღეს კი CIA მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მასალებს ააშკარავებს, მაგალითად - რომ ჰიტლერი ბისექსუალი იყო და ჰესთან იწვა. ყველამ იცის, რომ პორტონ-დაუნის სამხედრო ბიოლაბორატორიაში ადამიანებს ადაუნებენ, სკოტლანდ-იარდში კი ამას მალავენ და ექსპერტიზის ყალბ დასკვნებს გასცემენ!

     რაც შეეხება სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის სხვა დაკვეთილ დანაშაულებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში უკვე დიდი ხანია, არ არსებობს გაუხსნელი რეზონანსული მკვლელობები - ყველა მათგანი გახსნილია, პრეზიდენტ გამსახურდიას და პრემიერ ჟვანიას მკვლელობებიდან დაწყებული! უბრალოდ, შედეგები არ გასაჯაროებულა ორი მიზეზის გამო - პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უსაფრთხოების მიზნით. ქართველები ტყუილად კი არ არიან „ძირძველი ევროპელები“ და შეეძლოთ, ლინჩის სასამართლოები მოეწყოთ, როცა შეიტყობდნენ, რომ მათი მეზობლები, ნაცნობ-მეგობრები, მოქმედი მაღალჩინოსნები და პარლამენტარები, თურმე, იმ დანაშაულების აქტიური მონაწილეები არიან! საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბოროტმოქმედების მიმართ ამგვარი „ტოლერანტობის“ და მათთან „კოაბიტაციის“ გამო თანდათან დამკვიდრდა აზრი, რომ ივანიშვილის „მეოცნებეები“ სააკაშვილის „ნაციონალებთან“ შეკრულები არიან. ამიტომ დღეს ხელისუფლებამ, თავდაცვის მიზნით და ვაშინგტონის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, მხილებების ულუფებად გაცემა დაიწყო.

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 24 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი