პოლიტიკა
ნახევარი მილიონი დოლარი იმისთვის, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ნატოში შესვლისგან სარგებლის შესახებ, - განმარტა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის“ გრანტის სახით გამოვყავით თანხები, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და სარგებლის შესახებ, რასაც ქვეყანას დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატოსთან ურთიერთობა საქართველოს ეხმარება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გააძლიეროს.

საქართველომ არჩევანი გააკეთა, რომ დასავლეთის სტრუქტურებს, ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდეს. ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა და ამ გზას საქართველოსთვის ძალიან ბევრი სარგებელი აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით. მაგალითად, საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და თავისუფალი სავიზო რეჟიმით სარგებლობს. გარდა ამისა, ნატოსთან ურთიერთობა საქართველოს ეხმარება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გააძლიეროს, არის ერთობლივი წვრთნები, ასევე ხდება საქართველოს შეირაღებული ძალების თავსებადობის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს ეს არჩევანი ქვეყანას ხელს უწყობს, რომ უფრო ძლიერი და უფრო უსაფრთხო გახდეს. თუმცა, საქართველოში ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებლებმა საქართველოს ევროატლანტიკური სიკეთეების შესახებ არ იციან. ეს პროექტი სწორედ ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარება. „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვისგრანტის სახით გამოვყავით თანხები, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და სარგებლის შესახებ, რასაც ქვეყანას დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მიმართეს. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძე წარადგინა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.