პოლიტიკა
ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით! - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფ ხაზთან განაცხადა.

ჯორჯ კენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

ათი წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა, შეცვალონ საქართველოს საზღვრები მისი სუვერენიტეტის დარღვევით. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებასა და მოღვაწეობას ოკუპაციის ჩრდილში აგრძელებენ.

ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით; ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ საქართველოში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები: შეწყვიტოს ამ ერთეულების ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს რუსული ჯარები ომამდელ პოზიციებზე.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, ნება დართოს ხალხისათვის ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აღნიშნულ რეგიონებში. შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.