პოლიტიკა
რუსეთი, ცხინვალი და სოხუმი ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ და მექანიზმებსა და მთლიანად ჟენევის ფორმატს დიდ საფრთხეს უქმნიან! - დავით დონდუა

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განუცხადა.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ბოლოჯერ ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებებზე. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პრეზიდენტმე გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება ელჩების დანიშვნის შესახებ ოთხ ქვეყანაში - თურქეთში, იორდანიაში, ლატვიასა და ავსტრიაში. საქართველოს ელჩად ავსტრიაში დავით დონდუა დაინიშნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიაში ქართველი ელჩი, აგრეთვე, გახლავთ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

დავით დონდუას თქმით, შედგა შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან ეუთო-დან, გაერო-დან, ევროკავშირიდან და მონაწილეებთან აშშ-დან.

გავიარეთ ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგი და დიდი ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის განახლებაზე, რომელიც რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გამო შეჩერებულია. იმედი გვაქვს, რომ მონაწილეები გამოიჩენენ გონივრულობას და დაუბრუნდებიან ფორმატს, რომელიც აქამდე პოლიტიზების გარეშე სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. რაც ახლა ხდება, ეს არის სამუშაო ფორმატის ხელოვნურად პოლიტიზება, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ამ მექანიზმებს, არამედ მთლიანად ჟენევის მოლაპარაკებებს. ეს არ არის ცალკე მდგომი მექანიზმები. ეს ყველაფერი არის ჟენევის მოლაპარაკებების არქიტექტურის ნაწილი. სრული გაგებაა თანათავმჯდომარეების მხრიდან. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მექანიზმები აღდგეს. დროის გაწელვა გაართულებს საქმეს“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლების დასახელებულ მიზეზს, დავით დონდუა ამბობს, რომ ეს არის შანტაჟი.

ეს არის ყურით მოთრეული საკითხი და არაფერი საერთო არ აქვს იმ პრინციპებთან. ათი წლის განმავლობაში ეს პრინციპები მუშაობდნენ. რამდენიმე პრინციპია შეთანხმებული და მათ შორის ის, რომ ყველა მონაწილეს აქვს უფლება, თავისი სურვილის მიხედვით წარადგინოს საკითხები, რომლებსაც ის აქტუალურად მიიჩნევს მოცემულ მომენტში. ასე რომ, არავის აქვს უფლება, ვინმეს აუკრძალოს საკითხის დღის წესრიგში შეტანა. მონაწილეები თავმჯდომარეს აწვდიან საკითხებს და ის ადგენს დღის წესრიგს. ეს არის ელემენტარული შანტაჟი და შანტაჟის ენით საუბარი კარგს არაფერს მოუტანს ამ ფორმატებს. ერგნეთის შეხვედრა უნდა გაიმართოს ნოემბერში და გალის შეხვედრასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება“, – აღნიშნა დონდუამ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჟენევის შეხვედრზე მთავარი აქცენტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენაზე იქნება.

ადვილი რაუნდი არ მახსოვს. ჟენევაში ყველა მძიმე რაუნდია. ბოლო შეხვედრები ერგნეთში და გალში ჩაიშალა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა არაფორმალური კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და სხვა მონაწილეებთან. იმედი ვიქონიოთ, რომ მონაწილეები გამოიჩენენ გონიერებას და დაუბრუნდებიან ამ მექანიზმის ფორმატში. არანაირი პირობა ჩვენ არ გვაქვს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც მიმდინარეობდა. უნდა ვიმუშაოთ იმ პრინციპებზე დაფუძნებით, რომლებიც ათი წლის წინ შეთანხმდა და ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობდა. წინაპირობა და დაშანტაჟება ჩვენთვის მიუღებელია.ყველას მოვუწოდებთ, რომ ყოველგვარი წინაპირობისა და პოლიტიზირების გარეშე გაგრძელდეს მუშაობა. როგორც კი დაიწყეს წინაპირობების, პოლიტიკური საკითხების წამოყენება და დაშანტაჟება, ამიტომ მოხდა, რაც მოხდა. ჩვენ არ გვაქვს წინაპირობა. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პატივი ვცეთ პრინციპებს, რომლებიც ათი წლის წინ შეთანხმდა და ახალი ამ პრინციპებში არაფერია”, – განაცხადა დავით დონდუამ.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატი არის მექანიზმი, რომელიც უშუალოდ რეაგირებს ყოველდღიურ პროვოკაციებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ეს ფორმატი არ უნდა დაიკარგოს და რომ დაიკარგოს, მაშინ არსებობს და არ ვაჭარბებ, მართლა არსებობს სიტუაციის ესკალაციის საფრთხე. ჟენევის ფორმატს თავისი წვლილი აქვს იმაში, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არის მშვიდობა ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ არ არის ყოველდღიური სროლა, ყოველდღიური მკვლელობები და საომარი მოქმედებები, არ ნიშნავს მშვიდობას. მშვიდობაა, როცა დაცულია ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი, ქვეყანას და მის მოსახლეობას აქვს საშუალება, ჰარმონიულად განვითარდეს”, – განაცხადა დონდუამ.