საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადებები რუსული პროპაგანდის მორიგი სიცრუეა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადება ემსახურება მიზანს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს თანამშრომლობას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდ განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორის მისამართით არის აბსურდული ბრალდებები.

ამაზე განცხადებები გააკეთა შესაბამისმა დარგობრივმა უწყებამ, მათ შორის დღესაც. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ კომენტარი. ჩვენი შეფასება ასეთია, რომ ეს არის მორიგი პროპაგანდა იმ სიცრუისა, რასაც მუდმივად ეწევა რუსეთის ფედერაცია და ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება იმ ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გათვალისწინებით, რაც საგარეო უწყებას აქვს”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.