საზოგადოება
მე ვიქნები თქვენი კულტურის ელჩი, მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც, ვინც დღეს მოღალატეს მიწოდებს! - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როდესაც ამირჩევენ, ვიქნები მათი პრეზიდენტიც, ვინც დღეს მლანძღავს და უწმაწური სიტყვებით მომმართავს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ადიგენში, ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქართველი გენეტიკურად არ შეიძლება მოღალატე იყოს.

მე როდესაც ამირჩევენ, ვიქნები იმათი პრეზიდენტი, ვინც დღეს მლანძღავს, ვინც უწმაწური სიტყვებით მომმართავენ და მაბრალებენ ყველაფერს. ერთადერთი რამეა, რაზეც მე ყველაზე მეტად მიჭირს. ეს არის სიტყვა მოღალატე. იმიტომ, რომ ეს არის ის მორალური ცნება, რომელიც არ შეიძლება ამ ქვეყანაში ასე გამოიყენონ ვინმეს მიმართ. მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ თუნდაც ვიღაცებზე, რომლებსაც აქვთ დამსახურება სხვა ქვეყნების მიმართ, ვინც ჩვენ ვიცით, იმათ მიმართაც არ მივცემ თავს უფლებას, ვუწოდო ეს სიტყვა, რადგან ამ ქვეყანაში მოღალატეობა არის ის რთული ცნება, რომელიც გვიდევს გენეტიკაში, რომ არ შეიძლება ქართველი იყოს მოღალატე“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რადგან, მისი თქმით, დღევანდელმა პრეზიდენტმა ხელისუფლებასთან ქიშპობის პოზიცია მოირგო.

ხვალინდელი დღე კი დაიწყება იმით, რომ მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი. მე ვიქნები კრიტიკოსი, რომელიც მიიტანს ხელისუფლებასთან თქვენს პრობლემებს, თქვენს ხმას. ჩვენ ვნახეთ წინა პრეზიდენტი, რომელსაც ჰქონდა ყველა უნარი, ყოფილიყო აქტიური და შედეგიანი პრეზიდენტი. მან ვერ შეძლო. რატომ ვერ შეძლო? იმიტომ, რომ თავი ჩაიყენა იმ რაღაც ქიშპობის პოზიციაში. დაპირისპირების პოზიციაში, საიდანაც ვერაფერი გამოვა. ეს ქვეყანა კი არის იმ მდგომარეობაში, რომ საჭიროა კონსტრუქციულობა. დავიღალეთ იმით, რაც ხდება ამ ქვეყანაში, აუცილებელია, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრაზე ზურაბიშვილმა კულტურის ცენტრის საჭიროებაზეც ილაპარაკა და ადგილობრივებს ამ მიმართულებით მუშაობას დაჰპირდა.

მე ვიქნები თქვენი კულტურის ელჩი, მე მექნება მოლაპარაკებები თურქეთთან, რომ ტაო–კლარჯეთი კიდევ უფრო განვითარდეს, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის დაწყებამდე მესხეთის თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებს პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიის შესახებ ფილმი უჩვენეს. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კულტურასა და მის განვითარებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ასევე აუცილებელია, რომ სამცხე- ჯავახეთის მხარეში ტურიზმი განვითარდეს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

კულტურა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურული ცხოვრება აუცილებელია რეგიონების გაცოცხლებისთვის.საზოგადოება არის იქ, სადაც არის კულტურა და ეს ორი რამ უნდა გავაერთიანოთ. ამაში მე, როგორც პრეზიდენტი დაგეხმარებით. მე ვიქნები თქვენი კულტურის ელჩი, მე მექნება მოლაპარაკებები თურქეთთან, რომ ტაოკლარჯეთი კიდევ უფრო განვითრდეს. ასევე ტურიზმი უნდა განვავითაროთ აქ, მომლოცველები უნდა ჩამოვიდნენ, გაიარონ მაგალითად წმინდა ნინოს გზა, ამაზეც უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად“, - განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

მოქალაქეობა მნიშვნელოვანია, ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ მოქალაქეები არ დავკარგოთ. მე ვიქნები თქვენი უფლებების დამცველი ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვიქნები დამოუკიდებელი პრეზიდენტი კრიტიკოსი, რომელიც ზუსტად მიიტანს მთავრობამდე პრობლემებს და არ ვიქნები მთავრობის მოქიშპე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.