პოლიტიკა
ავადმყოფური წარმოსახვის მორიგი ინსინუაციები, რომლებსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს - ცხინვალში შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. „ცინიკურად გამოიყურება ბახტაძის ზრუნვაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რაოდენობის შემცირების თაობაზე, ვითომდა - ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით უმძიმესი პირობების გამო. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მართლაც შემცირდა, ოღონდ ეს სულაც არ არის დაკავშირებული ცხოვრების მძიმე პირობებთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს. მას აშკარად არ ჰყოფნის გამბედაობა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების რეალური მიზეზები განაცხადოს.

საქართველოს ხელისუფლების დამპყრობლური გეგმები, რომელიც სხვისი ტერიტორიების მიტაცების ბოდვითი იდეით ცხოვრობს, მის მიერ ოსი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკა ასწლოვანი ისტორიით იზომება. ოსი ხალხის გენოციდის შედეგად 1920 წელს, 1989-1992 წლებში, შეიარაღებული შეჭრის შედეგად 2004 წელს და ბოლოს, საქართველო-ოსეთის ომის შედეგად 2008 წლის აგვისტოში სამხრეთელმა ოსებმა ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარეს. ამგვარი ფიზიკური განადგურების ბუნებრივი შედეგი გახდა მათი რიცხვის საგრძნობი შემცირება. აი, „ძმების“ მიმართ ქართული პოლიტიკის რეალური სახე, რომელიც მხოლოდ კარგად არის შენიღბული, მაგრამ არსი არ შეუცვლია.

საქართველოს პრობლემა ის არის, რომ იგი მეტისმეტად აზვიადებს თავის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და, რაც კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, მოსახლეობის ცხოვრების დონის კრიტიკული პრობლემებით და ადამიანის უფლებების ყოველ ნაბიჯზე დარღვევით... სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს დამოუკიდებელ, საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოს და საქართველოსთან „საერთო მომავალზე“ არავითარი ილუზიები არ შეიძლება არსებობდეს“, - ხაზგასმულია სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.