საზოგადოება
საზოგადოების დასამშვიდებლად საქინფორმი საქართველოს მთავრობას ურჩევს, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის ექსპერტიზისთვის რუსი და ევროპელი სპეციალისტები მოიწვიოს

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. იგორ გიორგაძის განცხადებამ თბილისში ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების და ბიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და გენეტიკური იარაღის შემუშავების შესახებ, აგრეთვე, გაუგებარი ახალი დაავადებების ეპიდემიების მოხშირებამ ვარკეთილში და ახლომდებარე ალექსეევკაში (აეროპორტის დასახლება), სადაც ეს ლაბორატორია მდებარეობს, საზოგადოებაში პანიკა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამას ხელს უწყობს ბოლო კვირის განმავლობაში სპეციალისტების მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებებიც, რომ თბილისში ჰაერი ტყვიით და სხვა მინარევებით არის მოწამლული, და რომ თბილისის მწვანე საფარი იღუპება (მართლაც, დედაქალაქში წიწვოვანი ჯიშის ხეებმა გახმობა დაიწყო).

საქინფორმი საქართველოს მთავრობას ურჩევს: იმისათვის, რომ მოქალაქეები დაამშვიდოს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ლუგარის ლაბორატორიის გარშემო მოარულ საშინელ ვარაუდებს, რომლებითაც სავსეა ინტერნეტი, თხოვნით მიმართოს რუსეთის ფედერაციას და ევროკავშირსაც კი - საქართველოში გამოგზავნონ ამ სფეროს პირველი კლასის სპეციალისტებისგან შექმნილი კომისია, ვინაიდან ადგილობრივ სპეციალისტებს და, მითუმეტეს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოება არ ენდობა.

რუსეთი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ბიოლოგიური ვითარების შემოწმებით ქვეყანაში, რომელსაც ყოველწლიურად მისი მილიონნახევარი მოქალაქე ტურისტებად სტუმრობს. ამაში ევროკავშირიც დაინტერესებულია, რადგან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ორივე კომისიის დასკვნა მთლიანად უნდა გამოქვეყნდეს მედიაში, ექსპერტიზის დროს ქართველ ჟურნალისტებს თითოეულ კომისიასთან უნდა ჰქონდეთ წვდომა.