საზოგადოება
თავისუფალი ვაჭრობა და ინვესტიციები - აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და საქმიან წრეებთან საქართველოს პრემიერის შეხვედრის მთავარი თემები

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

მაიკ პომპეო გახლავთ საქართველოს ერთგული მეგობარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ. შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროსეკონომიკაში. ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ- შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტზე ჩვენს რეგიონში და იმ როლზე, რაც შეიძლება საქართველომ რეგიონულ პოლიტიკაში ითამაშოს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

მამუკა ბახტაძემ ილაპარაკა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე და ქვეყნის პოტენციალზე, ჩამოყალიბდეს ბიზნესის, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ტურიზმის ჰაბად.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოხმარების ბაზარია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე, რომლის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა რეგიონში, ეკონომიკური ზრდის კუთხით, ლიდერი გახდება.

მთავრობის მეთაური ამერიკელ ბიზნესმენებს დეტალურად ესაუბრა ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმაზე, განხორციელებულ უპრეცედენტო საგადასახადო რეფორმაზე და განაცხადა, რომ საქართველო იმ მოწინავე ქვეყანათა რიგებშია, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია.

მამუკა ბახტაძემ შეხვედრისას ყურადღება დაუთმო ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციას, საავტომობილო მაგისტრალების, რკინიგზის განვითარებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებულ გეგმებს.

პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა განათლების რეფორმის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ის ეკონომიკაში დომინანტი სექტორი გახდეს, ვინაიდან ადამიანური კაპიტალის განვითარება ძალიან მაღალი პრიორიტეტია.

შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით ხედვასმწვანე პოლიტიკა”, რომელიც ეკოლოგიის გაჯანსაღებას, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და ორგანული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ძალიან საინტერესო ხედვები და რეფორმების სტრატეგია მოისმინეს.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.