უცხოეთი
ერდოღანი - იდლიბში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე რუსეთ-თურქეთის შეთანხმებით ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. სირიის იდლიბის პროვინციაში დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმებით რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართული ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთი გააძლიერებს თავის პუნქტებს დეესკალაციის ზონაში. ამ მხრივ ჩვენ თავიდან ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელიც შესაძლოა, შექმნილიყო საბრძოლო მოქმედებების შედეგად“, -განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სირიაში ვითარება პოლიტიკური გზით დარეგულირდება.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთთან მიღწეული შეთანხმება სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას შეუწყობს ხელს.

რუსეთმა და თურქეთმა დაადასტურეს მზადყოფნა, ებრძოლონ სირიაში ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს. ჩვენი საერთო მოსაზრებით, დაგეგმილი ნაბიჯების პრაქტიკული განხორციელება სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას დამატებით იმპულსს შესძენს, გაააქტიურებს ჟენევის პლატფორმის მუშაობას და ხელს შეუწყობს სირიის მიწაზე მშვიდობის დაბრუნებას. აღნიშნულ მიდგომას მხარს უჭერს სირიის არაბული რესპუბლიკის ხელმძღვანელობაც“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმებით, იდლიბში 15 ოქტომბრისთვის სამთავრობო არმიასა და ოპოზიციას შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონა შეიქმნება. ბუფერული ზონის სიგანე 15-20 კილომეტრი იქნება. პუტინის განმარტებით, 10 ოქტომბრამდე აღნიშნული ტერიტორიიდან მოხდება მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ოპოზიციის გაყვანა. დემილიტარიზებულ ზონაში კონტროლს რუსეთის სამხედრო პოლიციისა და თურქეთის სამხედრო დანაყოფების მოძრავი საპატრულო ჯგუფები განახორციელებენ.

1tv.ge