სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველო იქმნება

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველო იქმნება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამმართველო თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია, ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე საგამოძიებო სისტემის რეფორმა“, სადაც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს.