აქტუალური
“საქართველოს პატრიოტების“ დაშლის შემთხვევაში, ფრაქციის წევრები ყველა საპარლამენტო თანამდებობას დაკარგავენ, მათ შორის ირმა ინაშვილი ვიცე-სპიკერი აღარ იქნება

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში, თუ პარტია პატიოტთა ალიანსი საპარლამენტო ფრაქციას ვერ შეინარჩუნებს და დაიშლება, ფრაქციის წარმომადგენლები დაკარგავენ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს, ადგილებს ბიუროს შემადგენლობაში, თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს კომიტეტებში და ყველა სხვა იმ ადგილს, სადაც დეპუტატები ფრაქცია საქართველოს პატრიოტების კვოტით არიან დანიშნული. ასევე დაიშლება ფრაქციის აპარატი, რომელიც ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციიდან წევრის გასვლის შედეგად, თუკი მასში პარლამენტის 6-ზე ნაკლები წევრი დარჩა, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება წევრის გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს ინარჩუნებს.

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ფრაქცია საქართველოს პატრიოტების შემადგენლობას ტოვებს. ფრაქციიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

ნატო ჩხეიძე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი იქნება. ფრაქციის დაშლის შემთხვევაში ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები ხდებიან “საქართველოს პატრიოტების“ დანარჩენი წევრები.