საზოგადოება
ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და ოცნება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რუსეთისგან დაცვა იყო, არის და იქნება! - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რუსეთისგან  დაცვა იყო, არის და იქნება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მიმართ მისი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია, უცვლელია.

რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, 60 წელზე მეტია, უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის  ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ასევე მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა, ხომ ვერ მეტყვით?რა თქმა უნდა, რუსეთისგან დაცვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ემიგრაცია ატარებდა ბოლომდე დამოუკიდებლობის დროშასა და იდეას.

ჩემი დაბრუნება, როცა საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო, იყო მიმართული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროპაში საქართველოს დაბრუნებისკენ, სადაც ყოფნა ეკუთვნის. რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვამბობ, ამას ვამბობ დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როდესაც დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და, რის გამოც ჩემი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოდან და მე დავიბადე საფრანგეთში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე  თქმით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი.

ასევე, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008  წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც შეიძლება, ყველაზე კარგად ვიცი, ყველა საერთშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ომთან დაკავშირებით მის მიმართ დაჟინებული და უაზრო კითხვები ისმის, რომელიც დაფუძნებულია კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზე“.

მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი სხვა შეკითხვა, რომლებსაც პასუხები სჭირდება. ერთ-ერთი კითხვაა, რატომ არავინ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას პირველსავე დღეს, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო.

რატომ არ ვთქვით მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რას ელოდა ქვეყნის იმდროინდელი ხელისუფლება?

და ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლო დავების წარმართვის დროს შეიძლება, ჩემი ართქმული, კიდევ ვიმეორებ, ციტატები იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ მიიჩნევს, რომ  ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პრემიერის, პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელმა  განცხადებებმა და ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება ავნოს საქართველოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში, რატომ ამაზე არ ვფიქრობთ?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, მას არ უყვარს სიტყვა „მოღალატე“, მაგრამ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი.

„სიტყვა „მოღალატე“ არ მიყვარს, არ ვიყენებ და მერიდება კიდეც, რომ გამოვიყენო, მაგრამ ვიკითხოთ – ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ვინ გააფართოვა კონფლიქტის ზონა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ჩვენი ძვირად ღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? – ამ კითხვებზე უთუოდ იქნება პასუხები გასაცემი. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ვიქნები თუ არა პრეზიდენტი (მაგრამ მე ვიქნები). ამ კითხვებზე პასუხი სხვა რამეზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებებზე ვიცოდეთ რეალობა, რადგან წინ გვაქვს მომავალი. ამ მომავალში საქმე უნდა ვაკეთოთ, გავამთლიანოთ ქვეყანა და ამისთვის საჭიროა, ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა, რომ აუცილებელად გავმთლიანდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.