სამართალი
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირდება! - გიორგი გახარია

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან მარიხუანას რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა, რომელსაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ეხებოდა კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიებს.

„მოდით, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრებენ ჩემი ეკონომისტი კოლეგები, რეგულაციის ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რეგულატორი, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და. რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ასე შემდეგ“, – აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შს მინისტრმა მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევასაც გაუსვა ხაზი, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინება.

მისი თქმით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის.

„ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის რა არის მთავარი?! - იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც მოხმარების მომენტი, არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, გარკვეულ შემთხვევებში, თუ შევძლებთ რესურსულად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მაშინ პირიქით, მოგვეხმარება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციის საშუალება და კონტროლის საშუალება, სამედიცინო მიზნით კანაფის, მცენარის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ:

• იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;

• ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;

• ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;

• მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;

• მარიხუანას მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების, ჩამორთმევას;

• იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას, მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;

• სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას, კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სულისკვეთებას. ასევე გათვალისწინებული იქნა საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების (კანადა,  ისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია.

შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ.

ასევე, მკაცრი ფინანსური სანქციები და სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, მოყვანა-წარმოების პროცესში კონკურენციის  შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს, რაც გამორიცხავს მთლიანი საწარმოო ჯაჭვის რომელიმე კომპანიის მიერ მონოპოლიზაციას. მკაცრად იქნება განსაზღვრული პოტენციური ლიცენზიანტი იურიდიული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი უსაფრთხოების და სხვა პირობები.  აღსანიშნავია, რომ კანაფის სამედიცინო მიზნით მოყვანა-წარმოების რეგულირება ექსპორტზე გასატანად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეგულაციებს, კერძოდ, გაერო-ს კონვენციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულ  შესაბამისობაში მოდის ქვეყნის პოლიტიკასთან, რაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან მკაცრ ბრძოლას გულისხმობს.