რელიგია
პარადიგმას, რომლის მიხედვითაც თვითგანვითარების ცნება მარიხუანის მოხმარებასაც გულისხმობს, ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება! - მეუფე შიო

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მარიხუანის კულტივაციის შესახებ არ ეთანხმებიან და კანაფის მოყვანის რისკებსა და დეკრიმინალიზაციის საფრთხეებზე მსჯელობენ.  

„სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება... საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებელად მიიჩნია და დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნული განვითარების თავისუფლებას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანის მოხმარებასაც გულისხმობს, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება“, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ საპატრიაქოს მიერ ამ საკითხის განსახილველად საგანგებოდ მოწვეულ კონფერენციაზე.