უცხოეთი
ლინას ლინკევიჩუსი - არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში გაწევრიანების კუთხით ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი ფაქტორია

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს სხვისი არასწორი პოლიტიკის მძევალი უნდა იყოს, – ასე უპასუხა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა პირველი არხის კითხვას, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ანგელა მერკელის მოსაზრებას ეხებოდა.

როგორც პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, ისტორიაში არის მაგალითები, კერძოდ, როდესაც დასავლეთ გერმანიის ინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე მოხდა.

არ ვფიქრობ, რომ თქვენ სხვისი არასწორი პოლიტიკის მძევლები უნდა იყოთ. გვაქვს ისტორია და არის ისტორიაში მაგალითები. ზუსტი პარალელის გავლება ალბათ არ შეიძლება, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ დასავლეთ გერმანიის ინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე მოხდა. არის საკითხები, არის გეოპოლიტიკა. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო-შიც და ევროკავშირშიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებენ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ყველა ქვეყნის პოზიციას უნდა ვცეთ პატივი. ეს არის რეალობა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ საქართველომ დრო დაკარგოს და არაფერი გააკეთოს”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

მისივე თქმით, საქართველო არსებული მექანიზმების გამოყენებით უახლოვდება ნატო-ს.

ყოველ დღეს და წელს ახალი მოაქვს საქართველოსთვის. ეს არ არის დროის კარგვა. როდესაც მოვა დრო, თქვენ მზად უნდა იყოთ. თუ მოვა დრო და თქვენ მზად არ იქნებით, მაშინ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოთ. არ ვფიქრობ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი ფაქტორია. მაგალითად, ჩვენ ინტეგრაციაზე საუბარი 1994 წელს დავიწყეთ. ლიეტუვას პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს გაუგზავნა წერილი, რომ ლიეტუვას სურდა, ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებას 10 წელი დასჭირდა და ლიეტუვა გახდა ნატო-ს წევრი. ბევრი ამბობდა, რომ ლიეტუვა საერთოდ ვერ გახდებოდა ნატო-ს წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მიზანი არ დაგვესახა და გავყოლოდით მიზნის მიღწევას. ჩვენ ვიყენებდით ყველა შესაძლებლობას მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

გერმანიის კანცლერმა, საქართველოშ სტუმრობის დროს განაცხადა, რომ ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ხედავს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, საქართველოს ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, გერმანიის პოზიცია ასეთია”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

1tv.ge