უცხოეთი
დავით ზალკალიანი - რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი საშუალება ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული შედეგების დემონსტრირებაა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. რუსული პროპაგანდა სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, სხვა ქვეყნებისთვისაც, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისში, რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მედიაფორუმს ეხებოდა.

მსგავსი სახის ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანია, რომ გამოიძებნოს ეფექტიანი საშუალებები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება პროპაგანდის წინააღმდეგ არ უნდა იყოს კონტრპროპაგანდა, არამედ ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი შეფასებით, ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები აქვს – საქართველო არის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული პრინციპები არის პრიორიტეტი, სადაც თავისუფლად ფუნქციონირებს ყველა ინსტიტუტი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

ამიტომ, ვფიქრობ, გარკვეულ შეზღუდვებზე უფრო ეფექტიანი პასუხი არის ქმედება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და შედეგები, რომელიც გვაქვს ამ პროცესებთან დაკავშირებით. თუნდაც სავიზო ლიბერალიზაცია, რომელიც არის კონკრეტული პასუხი; გადაწყვეტილებები, რომელიც გვქონდა ნატო-ს ბოლო სამიტზე; ჩვენს მიერ გაცხადებული გეგმები ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც არის უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე, კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში გადაწყვეტილი და ასახული ახალი მთავრობის ძირითად სამოქმედო პროგრამაში. ეს ზუსტად ის ნაბიჯებია, რაც უნდა გადაიდგას რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტიანობის მიმართულებით“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად ეფექტიანი ფორმები უნდა მოიძებნოს.

ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის განცხადების პათოსს, რომ აუცილებლად არის ეფექტიანი ფორმები მოსაძებნი. ყველა ეფექტური ფორმა უნდა იქნეს გამოძებნილი, რომ თავიდან ავიცილოთ პროპაგანდა და ჰიბრიდული საფრთხეები, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. იგივე კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც ჰიბრიდულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია, სხვა ფორმებთან ერთად, უფრო ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

1tv.ge