საზოგადოება
გია ვოლსკი: არ მგონია, რუს ჟურნალისტებს ჰქონდეთ რესურსი, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ…

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. აღმოჩენა არ არის ჩვენთვის, რომ რუსი ჟურნალისტები ან პოლიტიკოსები ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ არ ვფიქრობთ, – ამის შესახებ რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

რუსეთის ხელისუფლების ფულით არის დაფინანსებული ყველა ფონდი და მითუმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, მათ რამე რესურსი აქვთ, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან, სკანდალური კითხვებიდან და პასუხებიდან, არისნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, არ მგონია, მათაც გაიმარჯვონ ამ თემის წამოწევაში. თბილისში ჩამოსვლის გარეშეც ვიცით მათი პოზიცია და მათი საუბარი არაფერს ცვლის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაში, მთავრობის საგარეო პოლიტიკაში ან საზოგადოების ცნობიერებაში, რომ საქართველოში მოხდა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისში 5 და 6 სექტემბერს იმართება ორდღიანი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც 4 სექტემბერს დაგეგმილი ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“ (წამყვანი - გენადი ბორდიუგოვი) - არ შედგა.

5 სექტემბერს, მედიაფორუმის გახსნის დაწყებამდე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კერძოდ - „თავისუფალმა ზონამ“ (მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა), სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“, აგრეთვე სხვადასხვა გაერთიანებამ, რომლებიც საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას უჭერენ მხარს და ლგბტ-ს უფლებების დასაცავად გამოდიან - ქუჩაში, სასტუმრო „ვერე პალასთან“, სადაც ფორუმი მიმდინარეობს, ხმაურიანი საპროტესტო აქცია ჩაატარეს (ვიდეო იხ. აქ). აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მედიაფორუმი რუსული პროპაგანდის ნაწილია, ხოლო მათ მიერ მოწყობილი თეატრალიზებული პერფორმანსი - პლაკატებით, ანსამბლით და გაშლილი სუფრით - შარჟია საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც სწორედ ასე ხვდება „ოკუპანტებს და პუტინის მონებს“, რომლებიც საქართველოში მის პოლიტიკას ატარებენ.

მედიაფორუმზე საქინფორმის აკრედიტებული ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის მისი მუშაობის და ღონისძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ.