საზოგადოება
დიმიტრი კოსირევი: რთულია ლაპარაკი, როდესაც ყველა ყვირის, კიდევ უფრო რთულია, ილაპარაკო იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს!

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. რთულია ლაპარაკი, როდესაც ყველა ყვირის, კიდევ უფრო რთულია, ილაპარაკო იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს! იშვიათად ვეთანხმები დასავლურ სამყაროს, რადგან ისინი ხშირად უშვებენ შეცდომებს. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის აზია, რა არის სამხრეთ აზია, დაკარგეს აფრიკა, დაანგრიეს საკუთარი ამერიკა. დასავლეთში სერიოზული კრიზისია. რაც შეეხება ოკუპაციას, მე პირადი აზრი მიჩნდება მხოლოდ საკითხის ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, როდესაც რაიმე არ ვიცი, ჩამოყალიბებული პოზიციაც ვერ მექნება. რატომ ფიქრობთ, რომ მე პროპაგანდას ვეწევი, ჯერ სიტყვით არ გამოვსულვარ. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩამოვდივარ, ვცდილობ, ვისწავლო. ეს სტიკერი მომცეს, მას არ ვმალავ, უბრალოდ, როგორც სუვენირს შევინახავ. მე არ ვყოფილვარ ოკუპანტი, ამიტომ ამას ბავშვებს შევუნახავ. ჩემი შვილები ორჯერ იყვნენ საქართველოში ჩამოსულები. ძალიან უყვართ ეს ქვეყანა“, - განუცხადა სასტუმრო „ვერე პალასთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცნობილმა ჟურნალისტმა, აღმოსავლეთმცოდნემ, მწერალმა, პოპულარული პოლიტიკური ტელეპროგრამების მონაწილემ, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ვალდაის ფორუმის წამყვანმა სპიკერმა, ავტორმა წიგნისა „საბჭოთა კენედი“ დიმიტრი კოსირევმა.

თბილისში 5 და 6 სექტემბერს იმართება ორდღიანი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც 4 სექტემბერს დაგეგმილი ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“ (წამყვანი - გენადი ბორდიუგოვი) - არ შედგა.

5 სექტემბერს, მედიაფორუმის გახსნის დაწყებამდე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კერძოდ - „თავისუფალმა ზონამ“ (მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა), სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“, აგრეთვე სხვადასხვა გაერთიანებამ, რომლებიც საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას უჭერენ მხარს და ლგბტ-ს უფლებების დასაცავად გამოდიან - ქუჩაში, სასტუმრო „ვერე პალასთან“, სადაც ფორუმი მიმდინარეობს, ხმაურიანი საპროტესტო აქცია ჩაატარეს  (ვიდეო იხ. აქ). აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მედიაფორუმი რუსული პროპაგანდის ნაწილია, ხოლო მათ მიერ მოწყობილი თეატრალიზებული პერფორმანსი - პლაკატებით, ანსამბლით და გაშლილი სუფრით - შარჟია საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც სწორედ ასე ხვდება „ოკუპანტებს და პუტინის მონებს“, რომლებიც საქართველოში მის პოლიტიკას ატარებენ.

მედიაფორუმზე საქინფორმის აკრედიტებული ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის მისი მუშაობის და ღონისძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ.