პოლიტიკა
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ქვეყანას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში - ნიკოლ ფაშინიანი

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რეგიონში მშვიდობის მიღწევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტებზე საუბრისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

უნდა ვისაუბროთ ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში კონფლიქტის ზოგად აღქმაზე. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს როლს ჩვენი ყველა იმ პარტნიორის მხარდაჭერაში, ვინც ამგვარ გზას ადგას.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ყველა კონფლიქტი უნიკალურია. არ არსებობს ერთმანეთის მსგავსი კონფლიქტები. ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ კონფლიქტებზე საუბრისას.

ვფიქრობ, სომხეთის პოზიცია მკაფიოა. ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტის დარეგულირების ფორმულაზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ყველა კონფლიქტისთვის და რომელიც ძალადობრივი გზით კონფლიქტის დარეგულირებას და ძალის გამოყენების გზით კონფლიქტის მოგვარების მცდელობას გამორიცხავს.

მზად ვართ ამისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში და ასევე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სხვა კონფლიქტების მხარეებს მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებაში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშიანიანმა.