უცხოეთი
ნატო-ს წარმომადგენელი - რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა, სამხედრო ძალა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა სამხედრო ძალა მეზობლების, კერძოდ, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს. ამის შესახებ ნატო-ს წარმომადგენელმა, დილან უაითმა განაცხადა.

რუსეთის სამხედრო წვრთნების, „აღმოსავლეთი 2018“-ზე კომენტირებისას, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა თქვა, რომ სამხედრო წვრთნები გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ფორმით უნდა ჩატარდეს.

ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, „აღმოსავლეთი 2018“ უფრო მასშტაბური წვრთნები იქნება, ვიდრე „აღმოსავლეთი 2014“.

სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი 2018“ ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადების დემონსტრირებაა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რუსეთის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა. მათ შორის ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონებში, ხმელთაშუა ზღვის ზონაში. უფრო მეტიც, რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი სახელმწიფოების, სახელდობრ, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“,-განაცხადა დილან უაითმა.

„აღმოსავლეთი 2018“ 11-15 სექტემბერს ჩატარდება და 1981 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური წვრთნა იქნება.

1tv.ge