სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქების შესახებ განცხადების გამო დაიბარეს, გამოკითხვის დეტალებზე ილაპარაკა

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში (სუს) თავის აფეთქების მზადყოფნის შესახებ გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები იყო, განაცხადა გამოკითხვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, 19 წლის თემირლანის მამამ, რომელიც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს.

მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიბარეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჩალიკაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ მან ასობით ადამიანთან ერთად დაიფიცა, რომ სუს-ის შენობაში თავს აიფეთქებდა, თუმცა შემდეგ ქართველების სიყვარულის გამო გადაიფიქრა. ეს განცხადება მაჩალიკაშვილმა თბილისში მოკლული 16 წლის მოზარდის, დავით სარალიძის მამის — ზაზა სარალიძის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე გააკეთა.

კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი იმ განცხადებაში აქციაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები. მეორე დღეს მე ეს უკვე არ მახსოვდა. თუ დასჭირდებათ კიდევ ჩემი დაკითხვა, ალბათ შემატყობინებენ“, — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიბარეს განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში.

რატომ დამიბარეს, ეს უნდა განსაჯოს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. მე ეს კითხვა გამომძიებლებისთვის არ დამისვამს. ჩემს წინააღმდეგ ყველანაირი უსამართლობა ხდება. თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს, დამაკავებენ თუ არა", — განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სუს-ი იძიებს საქმეს „ტერორისტული აქტის მომზადების“ მუხლით. მსგავს ფორმულირებას არ ეთანხმება მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთევან ჩუთლაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილის განცხადებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

კითხვები ეხებოდა გარკვეულ გარემოებებს, განზრახვას. როგორც განგვიმარტეს, მიმდინარეობს გამოძიება 18-323 მუხლით, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს, თუმცა ბუნებრივია, არ ვეთანხმებით ამ ფორმულირებას, დანაშაულის ნიშნები არ იყო. ამ ეტაპისთვის, ბრალის წარდგენაზე არ გაკეთებულა განცხადება. ჯერჯერობით, როგორც გვითხრეს, მეტი კითხვა არ აქვთ. გარკვეული კითხვები დაისვა სხვა პირებთან კავშირზე, თუმცა არავინ არსებობს სხვა“, – განაცხადა ჩუთლაშვილმა.

სამშაბათს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილს და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს აქტიურად უჭერს მხარს.

კილაძე, მაჩალიკაშვილი და სარალიძე 5 აგვისტოს ევროპაში წასვლას გეგმავდნენ, სადაც უნდა შეხვედროდნენ საერთაშორისო უფლებადამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. გამგზავრება არ შედგა. ამის მიზეზები კილაძემ განმარტა.

მისი თქმით, მიუნხენში გააჩერეს ორგანიზაციის ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე, საფრანგეთში ვიზიტის ორგანიზატორი და განუმარტეს მას, რომ ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში მიჰყავდა, იყვნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილები და ძებნილები.

კილაძე ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან, რომლებმაც კოლეგებს ევროკავშირში სპეციალურად გადასცეს ეს ინფორმაცია, რათა ისინი ევროპაში არ შეეშვათ. კილაძემ გერმანიაში უკვე გაგზავნა თხოვნა განმარტების თაობაზე, თუ რა საფუძველზე არ შეუშვეს ისინი ევროკავშირში.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის ოჯახის ისტორიას, ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია გასული წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. მაშინ დააკავეს რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი დაჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, ვინც მას ესროლა.