საზოგადოება
მოლოდინი საკმაოდ პესიმისტურია - ირაკლი კობახიძის კომენტარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით

     საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები გაიმართება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკვე შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და მან დაადასტურა მზადყოფნა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართოს.

„ეს კონსულტაციები გაიმართება. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, არის გარკვეული პესიმიზმი ჩვენს მოლოდინებში, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების განმწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი, ძალიან მკაფიო, ლოგიკური ახსნა, მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა ამ ინტერესებით, სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა ვნახოთ, კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა.