საზოგადოება
მდინარე ნენსკრა მყინვარ ლეხზირის დნობის გამო ადიდდა, ანუ საფრთხე, რომლის შესახებ საქინფორმი 4 წლის წინ აფრთხილებდა (2 ვიდეო)

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. 2014 წლის მაისში დარიალის ხეობაში სტიქიური უბედურების შემდეგ საქინფორმი აფრთხილებდა, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს მყინვარების დნობით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები წარმოადგენს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
- კლიმატის მკვეთრი დათბობა - ყოველწლიურად უფრო და უფრო ცხელი, საქართველოსთვის ანომალიური ზაფხული;
- ცხელი თერმული წყლები, ახალი მიწისქვეშა წყაროები კავკასიის ქედის წიაღში;
- იღვიძებს ვულკანი ყაზბეგი - მთის მასივის შიგნით მიმდინარე ვულკანურ პროცესებს მიწის გათბობა და მყინვარის გადნობა შეეძლო.

დღეს, სოფელ ჭუბერში (სვანეთი, მესტიის რაიონი) მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, რომელიც უეცრად მოვარდნილმა მდინარე ნენსკრამ გამოიწვია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ნენსკრას ხეობის ლანდშაფტზე მყინვარული ტბიდან დაწყებული მოვლენების გავლენის შესახებ გრაფიკას და ინფორმაციას ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ნენსკრას კატასტროფული ადიდება ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. ნენსკრას ხეობაში 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლისას, სატელიტურმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ თოვლის და მყინვარების სეზონურმა დნობამ და 4 ივნისის ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია მდ. ნენსკრას აუზის მდინარეების ადიდება. თუმცა, კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური გამოსახულებების დეტალური ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდ. ნენსკრას განსაკუთრებული, კატასტროფული ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკად მდ. ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც დამატებით კვლევას საჭიროებს“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში (ვიდეო იხ. აქ).

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირთან მიმართებაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს (ვიდეო იხ. აქ).