სამართალი
ასე თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია, კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს! ჩემი უწყების ტემპერატურას და მდგომარეობას როგორმე შევაფასებ ჩემს თანამშრომლებთან ერთად! - გიორგი გახარიას მასტერკლასი კომისიას - საქინფორმი

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ თანატოლების მიერ ჩხუბის დროს ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნის თავად ფაქტი ორი მიზეზით თავიდანვე შიშს იწვევდა: საქინფორმი ვარაუდობდა, რომ არაპროფესიონალთა მუშაობა, როგორებიც არიან პარლამენტარები, სანახაობრივ ფარსად გადაიქცევა, ხოლო კომისიის დაკომპლექტება, ძირითადად, ოპოზიციური დეპუტატებით მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობიდან“, რომლებმაც თვითონაც ბევრი მძიმე დანაშაული და გაყალბება ჩაიდინეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ანგარიშსწორების იარაღი გახდება. საქინფორმის უცხოელ მკითხველებს შევახსენებთ, რომ კომისიის მუშაობას ტონს აძლევენ „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სახეები - სერგი კაპანაძე (თავმჯდომარე), გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი და სხვ.

საქინფორმის შიში გასულ კვირას დადასტურდა, როდესაც კომისიამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. კომისიის წევრების დემაგოგიურ, პიარზე გათვლილ შეკითხვებზე პასუხისას გახარიამ მათ ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა. ამავე დროს, საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გათვლა - კომისიის დაკომპლექტება მთავარი მოწინააღმდეგეებით ოპოზიციიდან - სრულად გამართლდა: ოპოზიციამ კომისიის მუშაობა ჩაშალა და მმართველი პარტიის კი არა, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს!

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გამოწვევები მართლა არის. რეალურად დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაცია როგორც ასეთი არის გაუქმებული, რაც გასაკეთებელია და რასაც რა თქმა უნდა გავაკეთებთ. მე ასევე შემიძლია დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან ვთქვა, რომ გარკვეულ ქმედებებს ალბათ გავაკეთებდი, მაგრამ მე ამას ვამბობ დღეს და აი აქედან. იმ ცოდნით ვერც ერთ შემთხვევაში, მე მაშინ იქ ვერ მივცემდი ჩემს თავს იმის უფლებას და აბსოლუტურად სწორი ვიქნებოდი ამაში, რომ იმ ადამიანების პროფესიული კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა კი არა, იქ რომ ჩავრეულიყავით ისე უხეშად, რომ რაღაც მითითებები მიგვეცა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი გადმოსახედიდან დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც დამეთანხმებიან და ალბათ ის რომ გაეთვალათ ამას რა მოჰყვებოდა შემდგომ, ბევრ რაღაცას გააკეთებდნენ. იმ დამატებითი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი გამოძიების ფარგლებში გამოჩნდა, ალბათ იქ კიდევ ბევრ რაღაცას შევასწორებდით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი და სწორედ ამიტომ, როდესაც ნათელი გახდა გამოძიებისთვის, 27 დეკემბერს გამოძიებამ მიმართა პროკურატურას თხოვნით და გამოიყო იქიდან 2 საქმე, იმიტომ რომ, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არსებობს რისკი, ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ახალი მოვლენები, ფაქტორები, რომლებმაც ამ საქმის საბოლოო შედეგზე შესაძლოა იქონიოს ზეგავლენა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, 8 ამ ათი ადამიანიდან არის პატიმრობაში და 3 არის გამოყოფილი საქმის ფარგლებში დაკავებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს შეკითხვით თვითონ მიმართა და სხდომებზე გამოკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების შესახებ ილაპარაკა. შეკითხვა მაქვს თქვენთან: კომისიის მუშაობაზე მოახდინა თუ არა გავლენა იმან, რომ საქმის ოფიციალური გამომძიებლებიდან, რომლებიც იყვნენ: ბატონი ფიფია, ბატონი ხუფენია, ბატონი ცაგურია, ბატონი ნათელაშვილი, ბატონი ჟამერაშვილი, თქვენ დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს. ჩამოთვლილი ადამიანები არიან ოფიციალური გამომძიებლები ამ საქმის. თქვენ ამ ადამიანებიდან დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ფიფიას და მოიყვანეთ 2 სხვა გამომძიებელი, რომლებიც სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებაში! ასე თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია, კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს მალე.

ჩემი
უწყების ტემპერატურას და მდგომარეობას მე როგორმე შევაფასებ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ კომისიას დაასრულებთ და არა ახლა, ასეთი დისკუსიის რეჟიმში. საქმეს ჰყავს 5 ოფიციალური გამომძიებელი, ამ ხალხიდან ეძახით მხოლოდ და მხოლოდ ერთს და ეძახით კიდევ 2 ადამიანს, რომლებიც გეუბნებიან მთელი დღის განმავლობაში, რომ მე არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ ვარ, გამოძიებაში მონაწილეობაც არ მიმიღია, მხოლოდ და მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და ამას არ ისმენდით. ამის შემდგომ სხვებსაც იბარებთ, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი, თქვენივე თხოვნით. იმ გამომძიებლებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჰქონდათ 30 დღე, რომ ეს უმძიმესი საქმე გამოეძიებინათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.