ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაცია - „ღირსეული პარტნიორი 2018“ (ვიდეო)
აქტუალური
ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაცია - „ღირსეული პარტნიორი 2018“ (ვიდეო)

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ს მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები – აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ გრონსკი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდა (ვიდეო იხ. აქ). დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება – ბუნკერის გაწმენდა იყო. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის“ ვერტმფრენებით ჩამოქვეითდა. სამხედროების ერთმა ნაწილმა საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა, ხოლო მეორე – სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცათ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.