უცხოეთი
სომხეთის საგარეო უწყება მოსკოვს პასუხობს - კორუფციასთან ბრძოლა სომხეთის შიდა პოლიტიკური საკითხია

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს პასუხობს. სამინისტროს პრესსპიკერ ტიგრან ბალაიანის თქმით, ერევანში ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო რეაქციებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ.

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საერთაშორისო რეაქციას იმ პროცესებზე, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სომხეთის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებას. ასევე, კორუფციასთან ბრძოლას, რაც სომხეთის მთავრობის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს პროცესი არ არის დაკავშირებულის საგარეო პოლიტიკასთან და ამ საკითხზე ინტერპრეტაციები დაუშვებელია. ჩვენ ვადასტურებთ, რომ სომხეთის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელიც პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული, მიმართულია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებისკენ“, – განაცხადა ბალაიანმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენები წინააღმდეგობაში მოდის სომხეთის ახალი ხელისუფლებს დაპირებასთან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 დღის წინ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს. მას 2008 წელს ერევანში მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.

1tv.ge