სამართალი
პრეზიდენტი მარგველაშვილი: თქვენ დგახართ იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი გზით აღადგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ!

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20% სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლების ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მონაწილეებს. ის პარტნიორი ქვეყნებიდან სწავლების მონაწილეებს მიესალმა და წვრთნებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„მივესალმები ჩვენს პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, ნორვეგიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები, რომლებიც მიმართულია მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი ყოფის დაცვისაკენ, არის ის უმნიშვნელოვანესი წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში. ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა, ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობა, სტაბილურობა. პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტი იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგება.

დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც აქ თანამებრძოლებთან ერთად დგანან, ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომელიც ბრძოლის ველზე ჩაიდინეს. დღეს თქვენ იმყოფებით იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20% სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, მაგრამ თქვენ დგახართ იმ მიწაზე, იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი გზით აღადგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.