აქტუალური
„ძალა პარტნიორობაშია“ – ასეთია სამხედრო სწავლების Noble partner 2018-ის დევიზი, რომელიც საქართველოში მეოთხედ ტარდება

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები – აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ გრონსკი.

სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურმა, გენერალმა ჯოზეფ ლინგელმა.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცათ. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.